ლევან დავითაშვილი 2-სართულიანი საკონფერენციო დარბაზის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერის საჭიროებაზე განმარტებას აკეთებს

იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი სივრცე ექნებოდა, წლების განმავლობაში ეს მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის საშუალება იქნებოდა, - ასე პასუხობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი 2 სართულიანი საკონფერენციო დარბაზის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერის საჭიროების შესახებ დასმულ კითხვას. როგორც მინისტრი ამბობს, მსგავსი სივრცე უწყებას სხვადასხვა თემატიკაზე საჯარო შეხვედრების ორგანიზებისთვის სჭირდება, რაშიც ახლა სამინისტროს საბიუჯეტო თანხების ხარჯვა უწევს. მინისტრი მიინჩევს, რომ მსგავსი სივრცის არსებობა ამ თანხებს დაზოგავს.

„ეს პროექტი არ არის დღევანდელი დღის თემა, არც - დღევანდელი გადაწყვეტილება. ეს არის რამდენიმე წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დადგა საჭიროება ამ პერიოდში, არაფერი შეცვლილა, ასეთი სივრცის საჭიროება სამინისტროს გააჩნია, სამინისტროს უწევს უამრავი თანხის, საბიუჯეტო თანხების გადახდა, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ნახევარ მილიონ ლარს აღემატება, ზუსტად ფერმერებისთვის, ან ჩვენი სხვადასხვა აუდიტორიისთვის. იცით, რომ სამინისტრო არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე პასუხისმგებელი, მათ შორის ძალიან ბევრი გარემოდაცვითი თემატიკაა, როცა ჩვენ გვიწევს ტრენინგისა და კონფერენციის ჩატარება მოსახლეობისთვის, რომ მათ შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ. ასევე იმისთვის, რომ სწორად აღვასრულოთ ვალდებულებები გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილში საჯარო შეხვედრები ჩავატაროთ და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი საოპერაციო საჭიროება, რომელიც სამინისტროს გააჩნია და იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს საკუთარი სივრცე ექნებოდა, ეს საბიუჯეტო სახსრებს წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზოგავდა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.