ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გვირილობის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტმა თავისი წვლილი შეიტანა ქუთაისში გვირილობის ტრადიციული საქველმოქმედო ღონისძიების აღნიშვნაში. უნივერსიტეტის ინიციატივით და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით უნივერსიტეტმა ქუთაისში მცხოვრებ 100-ზე მეტ ხანდაზმულს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური ნაწარმი გადასცა. ეს KIU-ს პირველი თანამშრომლობაა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და მომავალშიც გეგმავს აქტიურად ჩაერთოს ორგანიზაციის მიერ ქუთაისში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებასა და საქველმოქმედო აქციაში.

„გვიხარია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით ერთგული პარტნიორი შევიძინეთ, რომელიც განაგრძობს გვირილობის ტრადიციას და ეხმარება სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოქალაქეებს. დღეს, პანდემიის პირობებში, მსგავსი ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, კიდევ არაერთ ერთობლივ ღონისძიებებს დავგეგმავთ“ ,- განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ნინო ოსეფაშვილმა.

„ჩვენი უნივერსიტეტისთვის ქველმოქმედება და საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი ინვესტირება ძალზე მნიშვნელოვანია. ამჯერადაც სიამოვნებით შევუერთდით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივას გვირილობის დღესასწაული ერთად მიგველოცა ხანდაზმული ადამიანებისთვის, სწორედ მათთვის, ვისაც სჭირდება გვერდში დგომა პანდემიის დროს. სურვილი გვაქვს, განვაგრძოთ ტრადიციად ქცეული ქველმოქმედება, რომელიც გვირილობას უკავშირდება და ჩვენი მცირედი წვლილი“, - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო წლისთვის აქტიურად ემზადება და მიუხედავად პანდემიისა, KIU მზადაა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღოს და სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივასაც ჩაუდგეს სათავეში. უნივერსიტეტში უკვე შეიქმნა სტუდენტური გრანტების ფონდი, რომელიც სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაზე და საგრანტო თემაზე იმუშავებს. უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარება წარმოადგენს. KIU-ს მიზანია, უნივერსიტეტის სტუდენტური ფონდის მეშვეობით დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებს, რათა ღირსეული განათლება მიიღონ რეგიონის ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ჰაბში.

###

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი ქ. ქუთაისში მდებარეობს. KIU სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე.

უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

ფონდი ქართუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში ერთ მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.

KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-სთან პარტნიორობით. KIU-ს საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი.