ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის შეფასებებს არასწორს უწოდებს

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ გაკეთებულ შეფასებებს არასწორს უწოდებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს კაპიტალის ჯგუფი ცდილობს გამოიყენოს COVID-19 - ის ფაქტორი და მოქმედი რეგულაციების დარღვევის გზით, საქართველოს საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსება მიღოს.

„ეროვნული ბანკი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იცავს კონფიდენციალურობის მოთხოვნას და საჯაროდ არ საუბრობს მასსა და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ორგანიზაციას შორის მიმდინარე პროცესებზე. თუმცა აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ დღეს ერთ-ერთი სატელევიზო ეთერით საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ბატონ ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ გაკეთებულ არასწორ ფაქტებსა და შეფასებებს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა და, ამავდროულად, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა. ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, ასევე, ქვეყნის საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, სისტემური რისკის კონტროლი და პოტენციური რისკების შემცირება.

სწორედ ამ ამოცანებისა და ფუნქციების განუხრელმა და ჯეროვანმა შესრულებამ მოგვცა შესაძლებლობა, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პერიოდშიც შევინარჩუნოთ ფინანსური სექტორის სტაბილურობა და უზრუნველვყოთ დეპოზიტართა და ინვესტორთა უფლებების სათანადოდ დაცვა. ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული ბანკი მუდმივ კოორდინაციაშია საფინანსო სექტორთან, ყოველთვის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ითვალისწინებს არსებულ გარემოებებს და, მანდატისა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, მოქმედებს ოპერატიულად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ ჯანდაცვის სექტორის როლი მიმდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულის დასტურია ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წინაშე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით მყისიერად ამოქმედებული დროებითი საზედამხედველო გეგმა. თუმცა, ცალსახად აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედება, როდესაც ესა თუ ის ჯგუფი, ვირუსთან ბრძოლის ხელშეწყობის სახელით, კონკრეტული ბიზნეს საქმიანობისთვის შეღავათს ითხოვს.

პანდემიის დაწყების შემდგომ ბატონი გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს კაპიტალის ჯგუფი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გარდა ფლობს საქართველოს ბანკის, სადაზღვეო კომპანია ალდაგის, m2-ის და მრავალი სხვა კომპანიის წილებს ბევრ სექტორში (ალკოჰოლური სასმელების წარმოება, სასტუმროები, რესტორნები, ენერგეტიკა, და ა.შ.), ცდილობს გამოიყენოს COVID-19 - ის ფაქტორი და, მოქმედი რეგულაციების დარღვევის გზით, საქართველოს საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსება მიღოს. ეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბანკისა და მისი დეპოზიტორებისათვის ცალსახად რისკების ზრდას ნიშნავს და, ასევე, ბანკებს შორის არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს აჩენს.

ინტერესთა კონფლიქტის მართვისა და მსხვილი რისკების შესახებ მოთხოვნების მიზანია საფინანსო სექტორის მდგრადი, სტაბილური ფუნქციონირება და დეპოზიტორთა უფლებების დაცვა. აღნიშნული მანდატის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება, ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ საფინანსო სექტორის სტაბილურობაზე, არამედ ჩვენს მიმართ ინვესტორთა ნდობასა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამას ეროვნული ბანკი არ დაუშვებს”,-აღნიშნულია განცხადებაში.