ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რაჭის რეგიონში ონის ჰესის პროექტის ზემოქმედების შესახებ ცალკეულ მედია საშუალებებში გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, მტკნარი ტყუილი და საკმაოდ უნიჭოდ შეთხზული აპოკალიპტური ისტორიაა ის, რომ თითქოს დამანგრეველი ზემოქმედება ექნება ამა თუ იმ პროექტს.
„ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ მსგავსი განცხადებების ერთადერთი მიზანი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და თანაინვესტირების ფონდის დისკრედიტაცია. არადა, ეს ფონდი, როგორც ყველასთვის ცნობილია, არსებობს იმისთვის, რომ დაეხმაროს ბიზნესს იმ მსხვილ პროექტებში, რომელთა განხორციელებასაც ბიზნესი მარტო ვერ ახერხებს და რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტად არის ქველმოქმედება, ვიდრე კონკრეტულად ბიზნესი. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტორები კიდევ უფრო შორს მიდიან და ურტყამენ არა მხოლოდ თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, არამედ მთლიანად ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომლის ქვაკუთხედი ჩვენი ენერგეტიკაა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი განმარტებით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ეპიდემიასა და მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ხელისუფლება დიდ აქცენტს აკეთებს საკუთარი წარმოების განვითარებაზე, რომლის მნიშვნელოვანი ფაქტორი საკუთარი ენერგეტიკა და მსხვილი ენერგეტიკული პროექტებია, რომლებიც ამყარებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.
„რაც შეეხება კონკრეტულად ონი ჰესების კასკადს, ეს პროექტი წლებია არსებობს და ამდენად, მასში არაფერია სიახლე. უბრალოდ, დღეს დასჭირდა ზოგიერთს მისი გახსენება და გამოყენება თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში. მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გაცილებით დიდი სამუშაო გაწია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დღეს ეს პროექტი მაქსიმალურად უსაფრთხო ფორმით არის წარმოდგენილი. ამისთვის საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული და ეს არის სიმართლე, რომ პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.