"მთავრობამ გლეხების ნახევარზე მეტი დახმარების გარეშე დატოვა"

მთავრობამ გლეხების ნახევარზე მეტი დახმარების გარეშე დატოვა დღეს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცალკე კრიტიკის საგანია ის ფაქტიც, რომ წარმოდგენილი პროგრამით მხოლოდ რეგისტრირებული ფერმერები ისარგებლებენ.

მიქაუტაძის შეფასებით, მთავრობის განცხადებით, 200 ლარიან დახმარებას მხოლოდ 200.000 ფერმერი მიიღებს, მაშინ, როცა ქვეყანაში 570.000 შინამეურნეობას გააჩნია მიწის ნაკვეთი.

,,მთავრობამ, როგორც იქნა, წარმოადგინა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის საკუთარი გეგმა, რომლისკენაც ჩვენ მას პანდემიის პირველივე დღიდან მოვუწოდებდით და ჩვენი ხედვაც შევთავაზეთ. ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ გამოიჩინა ოპერატიულობა და მას 2 თვე დასჭირდა მხოლოდ იმისთვის, რომ უკვე არსებული პროგრამების ბიუჯეტი გაეზარდა მცირე მასშტაბით. ამ დროს, არცერთი სიტყვა არ თქმულა ფერმერთა ცოდნის დონის ამაღლებაზე, რომელიც დიდი ხანია მთავარი გამოწვევაა ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის და რაშიც რეალურად უნდა ხდებოდეს ინვესტირება. ცალკე კრიტიკის საგანია ის ფაქტიც, რომ წარმოდგენილი პროგრამით მხოლოდ რეგისტრირებული ფერმერები ისარგებლებენ. მთავრობის განცხადებით, 200 ლარიან დახმარებას მხოლოდ 200.000 ფერმერი მიიღებს, მაშინ, როცა ქვეყანაში 570.000 შინამეურნეობას გააჩნია მიწის ნაკვეთი. ნორმალურ პირობებში მსგავსი მიდგომა შესაძლოა სწორი ყოფილიყო რეგისტრაციის სტიმულირებისთვის. თუმცა, დღეს, ასეთ კრიზისში, დაუშვებელია ასობით ათასი ოჯახის დახმარების გარეშე დატოვება, რადგან ჯერ კიდევ დიდია დაურეგისტრირებელი მეურნეობების წილი. ზოგადად, რთულია ანტიკრიზისული უწოდო გეგმას, რომლის მასშტაბი, თავად მთავრობის შეფასებით, იქნება 300 მილიონი ლარი, მაშინ, როდესაც ბოლო 7 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საშუალოდ 220 მილიონი ლარი ისედაც იხარჯებოდა იგივე პროგრამებში. იმავე პერიოდში კი, სოფლის მეურნეობის საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა მხოლოდ 1.5% შეადგინა, ხოლო სექტორის რეალური მოცულობა სულ რაღაც 29 მლნ ლარით გაიზარდა. „ლელოს“ ანტიკრიზისული მოდელი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის 1 მილიარდი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც წელსვე გააუმჯობესებს სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლებს და ხელს შეუწყობს სოფლად დაბრუნებულ ათასობით ადამიანს საოჯახო მეურნეობების მოწყობაში, მათ შორის, მათთვის თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების მიწოდებით" - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ, რომლის კომენტარსაც "ლელო საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.