ცემენტის ქართული საწარმოებისთვის, რომლებიც უმძიმეს კრიზისულ ვითარებას ებრძვიან კორონავირუსის პანდემიის გამო, შეფერხებული სამშენებლო სექტორისა და თურქული ცემენტის დემპინგის პირობებში, განსაკუთრებული შეშფოთების საგანი გახდა თურქეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება. თურქეთი ექსპორტზე ორიენტირებულ სამშენებლო მასალების მწარმოებლებს $15 მლრდ-ით დაასუბსიდირებს.
ცემენტის ქართველი მწარმოებლები აცხადებენ, რომ თურქული ცემენტი დასავლეთ საქართველოს ბაზარზე დღემდეც მნიშვნელოვანი დემპინგით ახორციელებდა გაყიდვებს – საბაზრო ფასზე 30-40%-ით ნაკლებად.
ამის მიზეზად დარგის ექსპერტები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ, მაგალითად, თურქეთის მთავრობის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებამდე დიდი ხნით ადრე, ინფლაციამ და სესხზე საპროცენტო განაკვეთის ზრდამ თურქეთის სამშენებლო ბაზარზე პრობლემები შექმნა. 2018 წელს თურქეთში ინფლაციის განაკვეთმა - 16.3%, 2019 წელს კი 15.7% შეადგინა, რამაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 24-დან 19.75%-მდე შეამცირა, გაყიდვების რაოდენობა 2019 წლის ივნისში - 48.6%-ით, ხოლო პირველ 6 თვეში 21.7%-ით შემცირდა. შესაბამისად, თურქეთის ბაზარზე ცემენტის პროფიციტი წარმოიშვა და მწარმოებლებმა დემპინგური ფასებით მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მიაშურეს.
ამას ის გარემოებაც ემატება, რომ თურქეთში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა $52 მლრდ-მდე გაიზარდა. ამას ადგილობრივი ექსპერტები ზოგად ეკონომიკურ პრობლემებს, თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და შესაბამისად, მშპ-ის ზრდის ტემპის შემცირებას უკავშირებენ.
ქართველი სპეციალისტების აზრით, დღეს და ახლო პერსპექტივაში, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება, მათ შორის ცემენტის მწარმოებლები დაასუბსიდიროს, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებული, დემპინგის განაკვეთს კიდევ უფრო გაზრდის და დასავლეთ საქართველოს ბაზარზე თურქული პროდუქციის დომინირება და ადგილობრივი საწარმოების გაჩერება გარდაუვალი იქნება. ამ პროცესს საქართველოს მთავრობამ თუ ადეკვატური რეგულაციები არ დაუპირისპირა, მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები დარგს ვერ გადაარჩენს.
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება სამშენებლო ინდუსტრიაზე. ბაზრის მოთამაშეების მოლოდინით, მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის შემდეგ, ბაზარი ნელ-ნელა აღდგება. საქართველოს ეკონომიკაში სამშენებლო დარგი ერთ-ერთი მოწინავეა, როგორც წილით მშპ-ში, ისე დასაქმებულების რაოდენობის თვალსაზრისით. დღეს, ალბათ, მეორე გარემო უფრო მნიშვნელოვანია, ეს ფაქტი უფრო დიდ როლს ითამაშებს ინფრასტრუქტრული პროექტების ფონზე. როგორც ცნობილია, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ხდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ. ანუ დატვირთვა ეროვნულ ბიუჯეტზე უფრო ნაკლებია. მეწარმეებს იმის იმედიც აქვთ, რომ მთავრობა უფრო აქტიურად გააგრძელებს ეროვნული მნიშვნელობისა და ცალკეული ქალაქების ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ამის გათვალისწინებით, სამშენებლო მასალების ეროვნული წარმოების შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მეზობელ ქვეყნებში ხდება პირდაპირი დახმარება სამშენებლო ინდუსტრიის. განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობენ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები. ისიც აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში, ეს კომპანიები ისედაც ცუდ ეკონომიკურ სიტუაციაში იყვნენ და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ შეიცავს ეკონომიკურ შინაარსს და უფრო მეტიც – პირდაპირ წინააღმდეგობაში შედის სამართლიანი კონკურენციის პრინციპებთან. თურქული კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩაწოლილი პროდუქციის ვალუტაში გადაცვლა.
ქართველი მწარმოებლებისთვის მთავარი ამოცანა თანაბარ პირობებში ჩაყენებაა. მეწარმეები სახელმწიფოსგან სუბსიდირებას არ ითხოვენ და მხოლოდ ის უნდათ, რომ ქართულ ბაზარზე ადგილობრივ და უცხოელ მწარმოებლებს შორის პარიტეტი კანონით გამყარდეს.
გარდა დემპინგური ფასებისა, თურქი იმპორტიორები საქართველოს კანონმდებლობას სხვა კომპონენტშიც არღვევენ – ცემენტის ტომარაზე შიგთავსზე ინფორმაცია ქართულად არ არის დატანილი.
ცემენტის მწარმოებელი ქართული ინდუსტრია ინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე თუ არ იქნება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ანტიდემპინგური მიმართულებით, დარგიდან და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური და სხვა კომპანიების მიერ მოხდება ხარჯების შემცირება – პირველ რიგში ხელფასებზე, რაც ასეულობით სამუშაო ადგილის დაკარგვას ნიშნავს.
(R)