არჩილ თალაკვაძე - თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს უკვე მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ

საქართელო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ამ მომენტში, როდესაც პანდემია გრძელდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც მან ასევე აღნიშნა, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შენარჩუნდა და კლებითი რეჟიმი იქნება მომავალი დღეების განმავლობაში, ეს მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი დააჩქარონ.

„ექიმების, ჯანდაცვის პროფესიონალების, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით და ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, საბედნიეროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთვევების რაოდენობა უკვე ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შენარჩუნდა და კლებითი რეჟიმი იქნება მომავალი დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს უკვე მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ ჩვენ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ და უფრო სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები, რომელიც ამ მომენტისთვის შეჩერებულია“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართელომ კოვიდ 19-ის პანდემიის შეკავება შეძლო.

„პირველი ღონისძიებები ძალიან დროულად იყო მიღებული და შემდგომშიც ინფექციის მართვა ძალიან ეფექტურად ხდებოდა, რადგან ყველა სამსახური, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო, ეფექტურად მუშაობდა. პარლამენტსა და მთავრობას შორის იყო ძალიან კარგი კოორდინაცია და როდესაც პარლამენტი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, ჩვენ ყველა იმ ღონისძიებას შევაფასებთ, რაც განხორციელდა და ასევე სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ. მივესალმებით, რომ მთავრობა ჩვენთან ერთად წარადგენს სექტორების გახსნის გეგმებს პოსტკრიზისულ პერიოდში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეკონომიკის აღდგენა დროულად შევძლოთ. ერთი რამ ცალსახაა, რომ იმ წარმატებას, რასაც მიაღწიეს ექიმებმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და ზოგადად ჯანდაცვის პროფესიონალებმა, სახელმწიფომ და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ დავაშენოთ და დავგეგმოთ ახალი ნაბიჯები. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ამ მომენტში, როდესაც პანდემია გრძელდება“,-აღნიშნა თალაკვაძემ.