ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო მნიშვნელოვანი სამუშაოების წარმოება, ეს არის საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა, რასაც კონკრეტული ტელევიზიის და კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოყვა მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, თუმცა ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძე განმარტავს, აღნიშნული სამუშაოების წარმოება ხდება მანამ, ვიდრე ასფალტის ბოლო ფენას დააგებენ.
„ჩვენ რამდენიმე დღის წინ უკვე დავიწყეთ უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსიდან მოყოლებული, ვამზადებთ გზის მონაკვეთს იმისთვის, რომ მოხდეს ასფალტის ბოლო ფენის დაგება. ამისთვის დაიწყო მნიშვნელოვანი სამუშაოების წარმოება, ეს არის საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა, რასაც კონკრეტული ტელევიზიის მხრიდან და კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოყვა მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, თუმცა ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ და ისინი ისევ თავიანთ სივრცესა და თავიანთ ტყუილში დარჩებიან, როგორც ყოველთვის. ეს არის მათი ბუნებრივი ადგილი. დაახლოებით 300-მდე საკომუნიკაციო ჭა არის ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ჭის თავები ჩვენ წამოწეული რომ დაგვეტოვებინა, როგორ მოახერხებდნენ ავტომობილები გადაადგილებას? ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა და ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა ავტომობილის მძღოლებს გადაადგილებისთვის. ვინც ერკვევა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, დამეთანხმება, რომ ამ სამუშაოების წარმოება ხდება მანამ, სანამ დაეგება ასფალტის ბოლო ფენა“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი იწყება.
„ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გადათხრილი იყო მთლიანად ქუჩა და მიმდინარეობდა მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება, უკვე დამთავრებულია. 15 მაისისთვის უკვე ქვედა ფენებში უნდა იყოს მოქცეული ეს კონკრეტული გზის მონაკვეთი. პარალელურად გრძელდება საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამზირის შუა ნაწილი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ ავტობუსმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს გადაადგილება და ის, რაც ჩვენ ვთქვით, ორი წლის წინ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ქალაქში ყველაზე სწრაფი, ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ მთელ ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ ანალოგიური პროექტების განხორციელებას, რომ შესაბამისი საავტობუსე ზოლები უნდა გავაჩინოთ ყველა ქუჩაზე, რომ ადამიანებმა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოახერხონ კომფორტულად მგზავრობა.“, - აღნიშნა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე, მთლიანად ხდება მიწიქვეშა კომუნიკაციების ცვლილება.
„როდესაც სამუშაოები დავიწყეთ, მაშინ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ რამდენიმე ლოკაციად დაგვეყო ჭავჭავაძის გამზირი იმიტომ, რომ მისი მთლიანად ჩაკეტვა შეუძლებელი იქნებოდა, შეიძლება დროში მოგვეგო და უფრო ადრე დამთავრებულიყო მთლიანი გამზირის რეაბილიტაცია, მაგრამ ეს გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე იმ ადამიანებისათვის ვინც ყოველდღიურად სარგებლობს გზის ამ მონაკვეთით. ვფიქრობ, ეს იყო სწორი მენეჯერული გადაწყვეტილება.
ამ ხნის განმავლობაში ხმაური და მტვერი, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც გაგებით ეკიდება ამას და ძალიან მსიამოვნებს, როდესაც სამუშაოებზე მივდივართ, ადგილობრივი მოსახლეობა გვხვდება და მადლობას გვიხდის, რომ ასეთი მასშტაბური სამუშაოები გამზირზე არასდროს ჩატარებულა“, -აღნიშნა კალაძემ.