თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შეშელიძის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ღირებულება დაახლოებით 21 მლნ. ლარი იქნება და მისი განხორციელება 2021 წლის იანვარში დასრულდება.
„ქალაქში გვაქვს მეწყერსაშიში ზონები, რომელიც გენერალურ გეგმაში მოცემულია, როგორც შავი ზონები და ეს კონკრეტული ზონები არის მუდმივი დაკვირვების რეჟიმში. ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი ადგილი შეშელიძის ქუჩაზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და თვითონ შეშელიძის ქუჩაზე განთავსებულია ძალიან ბევრი ობიექტი სხვადასხვა ტიპის: სამრეცხაოები, კაფე-ბარები, რესტორნები და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მეწყერსაშიში ზონა ქალაქში.
პირველად აღნიშნულ ფერდზე მეწყერი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში წარმოიშვა, რომელმაც საშიში ფორმა 1992 წელს მიიღო. მეწყერის წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი ფერდის ძლიერი გაწყლოვანებაა. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება.
საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოეწყოს მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია, რაც გულისხმობს სამ რიგად ხიმინჯოვან კედელს, რომელიც შეკრულია რკინა-ბეტონის ფილით. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც. საპროექტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მიღებულია პრინციპული საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც დამეწყრილი უბნის მდგრადობის მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს პროექტი უნდა დასრულდეს 2021 წლის იანვარში. დაახლოებით 21 მლნ. უჯდება მუნიციპალიტეტს მისი განხორციელება. ძალიან ბევრი წერილი შემოდიოდა და თხოვნა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად იქნებოდა მხარდაჭერა და მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ. მე მინდა დავამშვიდო იქ მცხოვრები ადამიანები, რომ ამ პროექტით ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და ყველა კითხვაზე, რაც შემოდიოდა მუნიციპალიტეტში, პასუხი იქნება გაცემული“,- განაცხადა კალაძემ.