„დაახლოებით 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია გაჩერებულია“ - რას ითხოვს სამშენებლო სექტორი ხელისუფლებისგან

„დღეს სამშენებლო სექტორში დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარის ინვესტიცია გაჩერებულია“ - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი და სამშენებლო კომპანია „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი. ამის მიზეზად ის გაჭიანურებულ ნებართვების ასახელებს და ხელისუფლებას მათ დროულად გაცემას სთხოვს. როსტომაშვილი ამბობს, რომ დღეს სხვა დახმარება სამშენებლო ბიზნესს მთავრობისგან არ სჭირდება.

როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ ანტიკრიზისულ გეგმის ფარგლებში თავდაპირველად ტურიზმის სექტორის აღდგენის პროექტი წარადგინა. მაშინვე პრემიერმა გიორგი გახარიამ დააანანონსა, რომ შემდგომ იქნებოდა სოფლის მეურნეობა და უკვე შემდეგი პრეზენტაცია, სადაც აღწერილი იქნება, თუ როგორ დაეხმარება ხელისუფლება ბიზნესს, სამშენებლო სექტორს შეეხება.

კითხვაზე, თუ რა დახმარება სჭირდება სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესს ხელისუფლების მხრიდან და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ გაჩერებული სექტორის ასამუშავებლად, ირაკლი როსტომაშვილი პასუხობს, რომ საჭიროა გაჩერებული ნებართვების გაცემა.

„სამშენებლო სექტორი არის ეკონომიკის ერთ-ერთი დიდი შემადგენელი ბიზნესი. დღეს ქვეყანას, ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება ინვესტიციები, რათა ის ამუშავდეს. ინვესტიციებს კი სჭირდება კარგი გარემოს შექმნა, ბიუროკრატიის და გადასახადების შემცირება. დღევანდელი გადმოსახედიდან სამშენებლო სექტორს მაქსიმალურდ სჭირდება ხელის შეწყობა, რომ ინვესტიციები განხორციელდეს. ხელის შეწყობაში კი პირველ რიგში, ბიუროკრატიის შემცირებას ვგულისხმობ.

ახლა თბილისის მერიაში განხილვის სტადიაზეა ბევრი პროექტი და ისინი ელოდებიან ნებართვებს. ეს პროექტები უნდა დაჩქარდეს და გაიცეს ნებართვები, რა თქმა უნდა, ნებართვა უნდა გაიცეს იმ პროექტებზე, რომლებიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. მაგალიითად, ჩემს კომპანიას აქვს დაახლოებით, 50 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები „გაჭედილი“. ეს თანხა წლის ბოლომდე უნდა ჩაიდოს. ახლა ვირუსის გამო დაპაუზდა ნებართვების გაცემა. ახლა ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ნებართვები გაიცეს და როდესაც მასშტაბური პროექტები დაიწყება და ამოიქოქება ეკონომიკა, დაიწყება განხორციელება. როდესაც მორჩება და მერე დავიწყებთ ამ ნებართვების გაცემას, ეს ინვესტიციები ჩაიდება თებერვალში. მე მინდა, რომ ეს ინვესტიციები ჩაიდოს უკვე აგვისტო-სექტემბერში.

ასე რომ, დღეს მთავარი პრობლემა სამშენებლო ბიზნესისთვის არის გაჭიანურებული ნებართვები, ეს კი ინვესტიციებს მნიშვნელოვნად ამცირებს. საქართველოში სამშენებლო სექტორში წელიწადში დაახლოებით 3,5-4 მლრდ ლარის პროექტები ხორციელდება, ეს არის უშუალოდ 50 000 დასაქმებული მშენებლობაში და შემდეგ უკვე ჯაჭვი, რომელის 200 000 ადამიანს ასაქმებს. თითქმის 6 თვე გავიდა და შეიძლება ვთქვათ, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 1,5 მლრდ ლარის ინვესტიციაა გაჩერებული. ამიტომ, ერთადერთი და მთავარი დახმარება, რაც დღეს სამშენებლო სექტორს სჭირდება, ეს არის ნებართვების დაჩქარება. სხვა ფინანსური დახმარება არამგონია, ჩვენი სექტორისთვის საჭირო გახდეს“, - განაცხადა როსტომაშვილმა.

ელზა წიკლაური