„წელს ალბათ ობიექტების საშუალოდ 20%-ის დახურვა მოგვიწევს,“ - ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრასნიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
(ცნობისათვის, „აი სი არ ჯგუფი“ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს.)
კახა ხაზარაძის თქმით, სექტორი პანდემიის პირობებში რამდენიმე გამოწვევის წინაშეა, მათ შორის არის სავაჭრო ცენტრებთან მოლაპარაკებები, რაც მისი შეფასებით, საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს ალბათ, ობიექტების საშუალოდ 20%-ის დახურვა მოგვიწევს. დღეის მდგომარეობით, 100-ზე მეტი ობიექტი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ თანამშრომლების 80%-ზე მეტი შევინარჩუნოთ და რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ სამსახურში. ეს სექტორის ერთი გამოწვევაა. მეორე გამოწვევა კი ეროვნული ვალუტის კურსია, რომელიც 2.80-დან 3.20-ზეა ასული, ეს კი რა თქმა უნდა, საქონლის გასაყიდ ფასზეც აისახება. ესეც ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა, რადგან როცა ადამიანებს შემოსავალი კი არ ეზრდებათ, საერთოდ ვერ იღებენ, მაგ დროს ფასის ზრდა პრობლემატური თემაა.
ამასთან, პრობლემაა ისიც, რომ უკვე ერთი თვეა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სავაჭრო ცენტრებთან, რადგან არსებული კონტრაქტები ვერ იმუშავებს ბიზნესსა და მოლებს შორის და ეს პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამ პროცესში ძირითადი პრობლემა ისაა, რომ როგორც წესი, სავაჭრო ცენტრებთან იდება გრძელვადიანი კონტრაქტები. მსგავსი კონტრაქტები მუშაობს, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე წლიანი პროგნოზი შეიძლება გააკეთო, ამიტომ ეს კონტრაქტები 3-5-7 და 8 წლიანიც არის. ამ პანდემიამ კი რეალობა შეცვალა და ჩვენ ვერც იმ თანხას და ვერც იმ პირობებში, რა პირობებშიც ვიხდიდით არენდის გადასახადს, ვერ გადავიხდით. სწორედ ამიტომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ მოვერგოთ ახალ რეალობას. ახალი რეალობის მორგება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან გვიჭირს ერთ სიბრტყეში სიტუაციის შეფასება, კონკრეტიკაში ვერ წავალ, რადგან მოლაპარაკების პროცესია,“-განაცხადა ხაზარაძემ.