„ახლა ნახეთ თქვენ ბეტონის ჯუნგლები! ახლა ნახეთ თქვენ გარიგებით სამშენებლო ნებართვები!“ - ასე ეხმაურება ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი თბილისის მერის განცხადებას, რომლის მიხედვით სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს კონკრეტული პროექტების განხორციელებისას ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების მომზადება აღარ მოუწევთ.
„თბილისის მერიამ ტრანსპორტის კერძო სექტორში დასაქმებული უამრავი ადამიანი ერთი ხელის მოსმით დატოვა უმუშევარი. და რის გამო? დიდი ალბათობით საქმე გვაქვს, უკვე ღია და დაუფარავ კორუფციასთან დედაქალაქის მერიაში. ანუ, მერია თავად დაწერს დასკვნას ტრანსპორტის ზემოქმედებაზე და თავისივე დასკვნაზე თავად გასცემს სამშენებლო ნებართვას! და ალბათ ხვდებით რომ თავის თავს უარს არ ეტყვის! ეს არის ღიად გამოხატული ინტერესთა კონფლიქტი და მხოლოდ კორუმპირებულ სტრუქტურაში შეიძლება გაჩნდეს მსგავსი იდეა! ადრე მცირეოდენი ბერკეტი მაინც თუ არსებობდა კერძო სექტორიდან მშენებლობების ნებართვებზე გავლენის მოხდენის, ესეც აღარ იქნება! ახლა ნახეთ თქვენ ბეტონის ჯუნგლები! ახლა ნახეთ თქვენ გარიგებით სამშენებლო ნებართვები!“ - წერს დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში.