„ეს არის სოციალური პროექტი და არა სოფლის მეუნეობის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც გრძელვადიან ეკონომიკურ ეფექტურობაზე იქნება გათვლილი“,- ასე აფასებს მთავრობის მიერ შემუშავებულ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი.
შეგახსენებთ, მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა უკვე წარადგინა. პროექტის მიხედვით დახმარება დაახლოებით, 200 000 ფერმერს შეეხება და სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება. ამასთან, ის ფერმერები, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე მიწებს დაირეგისტრირებენ, სახელმწიფო დახმარებითა და შეღავათებით ისარგებლებენ, 1 ჰექტარ მიწაზე, ფერმერები 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.
გარდა ამისა, ყველა ფერმერს სარწყავი წყალი 20 წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ. იმ ფერმერებს კი, ვისაც ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ, სახელმწიფო ამ სამუშაოების ღირებულების 50%-იან გრანტს გამოუყოფს. ერთწლიანი კულტურების წარმოების დარგში 5-დან 100 ათას ლარამდე სესხებია გათვალისწინებული, სადაც პროცენტის სრული თანადაფინანსება მოხდება.
როგორც რუსუდან გიგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პროექტმა უფრო ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, ვიდრე არსებულ გამოწვევებს პასუხი გასცა.
„ზოგადად, რაღაც რომ დაანონსდა, ეს ძალიან კარგია. თუმცა, ეს არის სოფლის მოსახლეობის ანტიკრიზისული გეგმა და რა სოფლის მეურნეობის. უფრო სოციალური პროექტია და არა გრძელვადიან ეკონომიკურ ეფექტზე გათვლილი. ისედაც მუდმივად მცირე ფერმერებზე მიმდინარეობდა აპელირება და მივიღეთ ის, რომ კითხვა, რომელიც სულ გვაქვს - გვინდა ძლიერი სოფელი, თუ ბევრი ადამიანის სოფლად მუშაობა - კიდევ უფრო აქტუალური გახდა. იმიტომ, რომ ეს პროექტი, რომელიც სახელმწიფომ წარმოადგინა, ემსახურება არა ფერმერების გამსხვილებას (თუკი გვინდა, რომ ეკონომიკური ეფექტი მივიღოთ), არამედ ფრაგმენტიზაციას და დანაწევრებას. ჩვენ ამის მაგალითი წლების წინ უკვე გვქონდა, როდესაც სახელმწიფომ ვაუჩერების გაცემა დაიწყო და ვნახეთ, რამდენად დანაწევრდა მიწები, ძმა ძმას გაემიჯნა, დედა - შვილს და ა.შ. ამიტომ, ეს ერთი-ერთი მწვავე საკითხი იქნება, რომელიც ამ პროექტის შედეგად დადგება“,-ამბობს რუსუდან გიგაშვილი.
„მომავლის ფერმის“ თავმჯდომარე იმ მიმართულებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გაგმაში ვერ მოხვდა და რაც სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლია“.
„მე არსად დამინახავს ისეთი საკითხების მხარდაჭერა, რომელსაც ითხოვს ბიზნესი. კერძოდ, რძის ინდუსტრიაში, ასევე მეფრინველეობაში დღგ-ს საკითხი. ასევე, ყველაზე მწვავე გამოწვევა, რაც იყო და „კოვიდმა“ კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა, ეს არის ლოჯისტიკურ პრობლემები. სამწუხაროდ, არც ამაზე იყო პასუხი. კი ბატონო, მცირე მეწარმეებმა და ფერმერმა მოიყვანეს რაღაც მოსავალი, მაგრამ სად, როგორ უნდა გაყიდონ და საერთოდ, როგორ ვაგვარებთ ამ ლოჯისტიკურ საკითხებს, არსად იყო მითითებული. ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი შესანახ მაცივრებთან დაკავშირებით რაიმე ხედვა. არადა, ესეც ქვეყნის ერთ-ერთი უმწვავესი გამოწვევაა. წარმოდიგინეთ, რამხელა პარადოქსია, როდესაც ვაზის ქვეყანა ხარ და სომხეთიდან შემოგაქვს სუფრის ყურძენი, იმის გამო, რომ შესანახი მაცივრები არ გაქვს.
მე ასეთი ტიპის გრძელვადიან პერსპექტივაზე და ეკონომიკურ ეფექტურობაზე გათვლილი საკითხები, სამწუხაროდ, ვერ დავინახე“,-აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.
მისი თქმით, წარმოდგენილი გეგმა მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილს ვერ გაზრდის, რადგან „ეს არის მცირე ფერმერების გამოკვებისთვის გაცემული დამხარებები“.
„ალბათ, ყველას ემახსოვრება, როდესაც ე.წ ვაუჩერების გაცემა დაიწყო, როგორ არამიზნობრივად ხდებოდა მისი გამოყენება ფერმერების მხრიდან. იღებდნენ ვაუჩერებს და შემდეგ მიდიოდა მისი გადაყიდვა. იგივე საწვავთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში იგივე შეიძლება მოხდეს. ანუ, ეს ისეთი პროექტია, რომლის მიხედვითაც სოფლის მოსახლოების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ, რამდენად სწორად დაიხარჯება ის ასიგნებები, რომელიც სახელმწიფომ გამოყო. კონტროლის რა მექანიზმებია ამაში ჩადებული, ესეც ცალკე კითხვის ნიშნანია.
მაგალითისთვის, თუკი საუბარია, რომ ამ პროექტით სახელმწიფო წაახალისებს ფერმერებს, ვინც დარეგისტრირდება, ეს თავისთავად ძალიან კარგია, რომ როგორც იქნა დავიწყეთ ბაზების შექმნა, მაგრამ თუ გვინდა, რომ მივიღოთ ბაზა, რომელსაც დაეფუძნება მთლიანად მომავალი რეფორმები, ამ შემთხვევაში ეს ის ბაზა ვერ იქნება. მე თუ მეტყვიან, რომ ფერმერი, რომელიც დარეგისტრირდება მიიღებს გარკვეულ სუბსიდიებს, გავეყოფი ოჯახს, დავანაწევრებ მიწას და მივიღებ ამ სარგებელს. ამ შემთხვევაში კი, ბაზაში მოხდება ქაოსი, რაც ერთხელ უკვე ვნახე. აჭარაში გვქონდა კონკრეტული პროექტი და როდესაც მას ვახორციელებდით ვნახეთ, რომ ერთსა და იმავე ნომერზე მიბმული იყო 12 ადამიანი. ანუ მიწა დაყვეს 12 ნაწილად იმისთვის, რომ სახელმწიფოსგან სარგებელი მიეღოთ. წარმოიდგინეთ, ჩვენ ის ქვეყანა ვარ, სადაც ფერმერს შეიძლება ჰყავდეს 67 მეწველი ძროხა და სარგებლობდეს სოციალური დახმარების პროგრამით. ესეც ნანახი მაქვს. შესაბამისად, მსგავსი ხარვეზები აქაც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში“,- ამბობს რუსუდან გიგაშვილი.
„მომავლის ფერმის“ ხელმძღვანელი ერთწლიანი კურტურების დაფინანსებაზეც ამახვლებს ყურადღებას და ამბობს, რომ 80-90%-ის შემთხვევაში დაგვიანებულია და თუ ბანკები შესაბამისად მომზადებულები არ იქნებიან, შესაძლოა, იაფი აგრო სესხების სხვა მიზნებით გამოყენება მოხდეს.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საგაზაფხულო სამუშაობის ნაწილი. თუმცა, როდესაც 1-წლიან კულტურებზე და მის დაფინასებაზე ვსაუბრობთ, აქ ბევრი სამუშაო უკვე დაგვიანებულია. ამ კულტურების 80-90%-დან უკვე ვეღარაფერს მოიყვან. შესაბამისად, ბევრი კითხვის ნიშანი რჩება. იაფი სესხის მისაღებად, ფერმერმა საკუთარი გეგმა უნდა წარუდგინოს ბანკს, საინტერესოა, კრედიტ ოფიცრები რამდენად გაცნობიერებული არიან ამ საკითხში, იციან თუ არა კონკრეტული კულტურების მოყვანის პერიოდი. იმიტომ, რომ შესაძლოა, იგივე განმეორდეს, რაც ადრე მოხდა, როდესაც აგრო სესხებით ზოგმა ქორწილი გადაიხადა და ზოგმა მანქანა შეიძინა.
არის ნიუანსები, რომელიც თავისთავად იწვევს კითხვებს და ალბათ, პროგრამაში კიდევ უფრო სიღრმისეულად რომ ჩავიხედავთ, მერე უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება“,-ამბობს რუსუდან გიგაშვილი.