„ძალიან გამიხარდებოდა, თუ იმის შნო მაინც ეყოფათ, რომ ის ფული, რასაც არიგებენ, დროულად მიიტანონ ბენეფიციარებთან“

„საქართველოს ეკონომიკაში სიტუაცია ძალიან მძიმეა“ - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ქობულიამ კორონავირუსის გამოწვეულ კრიზისსა და ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაცია მარტივი არაა და აქედან სწრაფი გამოსავალი არ იქნება.

„ამ კრიზისმა განსაკუთრებით დაარტყა ჩვენ მოწინავე სექტორებს, ისეთებს როგორიცაა ტურიზმი. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ ეკონომიკის სექტორების გარდა, ამ კრიზისმა დაარტყა საქართველოსთვის შემოსავლების ძალიან დიდ წყაროს, რაც არის უცხოეთიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გადმორიცხვები, რაც მილიარდ დოლარზე მეტია წელიწადში. ამიტომ სიტუაცია არ არის მარტივი და სწრაფი გამოსავალი აქედან არ იქნება, მაგრამ სისტემური მუშაობაა საჭირო, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ.

ხელისუფლების ქმედებებს და გეგმებს რაც შეეხება, უმეტესად რასაც ვაკვირდები, მივესალმები. გარედან კრიტიკა მარტივია, მაგრამ ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობაში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. უცნობი სიტუაციაა, რაც მსოფლიოსა და საქართველოში ჩამოყალიბდა და ნებისმიერი მთავრობის ხელმძღვანელები ფრთხილობენ ასეთ სიტუაციაში.

მნიშვნელოვანი და რთული საკითხია, რომ ფული, რომელიც შემოვა საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის, მიზნობრივად დაიხარჯოს. ამ სახსრების სწორად გადანაწილებისთვის და იმისთვის, რომ დროულად მივიდეს იმ ბენეფიციარებთან, საჭიროა გვქონდეს ეფექტურად მომუშავე სახელმწიფო მანქანა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ცალკეული თანამშრომლები შეიძლება ძალიან კვალიფიციურები არიან მთავრობაში, მაგრამ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სახელმწიფო მანქანა არ არის კვალიფიცირებული, სახელმწიფო მოხელეების უმეტესობა დემოტივირებული და არაკვალიფიცირებულია. ასეთ პირობებში ძალიან გამიხარდებოდა თუ იმის შნო მაინც ეყოფათ, რომ აი ის ფული, რასაც არიგებენ, მაინც მიიტანონ დროულად ბენეფიციარებთან,“-განაცხადა ქობულიამ.

თაია არდოტელი