„შუხმანის შატო“ ტურისტული სეზონის გახსნისთვის უკვე ემზადება. როგორც კომპანიის დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ამბობს, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, „შუხმან ვაინში“ სამუშაო ადგილი ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდა. ამჟამად კი, უკვე აქტიური მუშაობა მიმდიმარეობს, რომ კომპანია ჩვეულ პოზიციებს დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ტურისტებისთვის სეზონი 15 ივნისს, ხოლო, საერთაშორისო ვიზიტორებისთვის 1-ელ ივლისს გაიხსნება.
„არცერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია, ჩვენთან ყველა ადგილი შენარჩუნებულია. ველოდებით სტუმრებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ისევ იმ მწვერვალებზე დავბრუნდეთ, როგორიც ეს უახლოვეს წარსულში დავტოვეთ“,- ამბობს ნუცა აბრამიშვილი.
როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, კომპანიამ უკვე დაიწყო სპეციალური პაკეტების შეთავაზება ადგილობრივი ტურისტებისთვის.
„სერვისებზე ძირითადად აქცენტი გაკეთდება სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ პროცედურებზე; გასტრონომიულ, ღვინის დაგემოვნების, ღვინის აბაზანებზე და დეტოქს პროცედურებზე; ასევე კახეთის უნიკალურ ბუნებაში სპეციალური სათავგადასავლო ტურების ორგანიზებაზე.
შუხმანის ტურისტულ კომპლექსში გასულ წელს შეიქმნა ექსკლუზიური ღვინის სოფელი, სადაც დამსვენებლებს შეეძლებათ ინდივიდუალური და განცალკევებული დასვენება უნიკალური არქიტექტურის მქონე სასტუმრო ვილებში, რომლებიც გარშემოტყმულია ვენახებით, სადაც ყველა ექსკლუზიური სერვისი, დაწყებული სპა პროცედურებით თუ დამთავრებული ღვინის დეგუსტაციებით, შეეძლებათ ექსკლუზიურად ვილებში მიიღონ. შუხმანის კომპლექსში მოქმედებს ორი ღია და ერთი დახურული საცურავო აუზი, სპორტული დარბაზი, გასართობი კუთხე, ღვინის სპა და ქართული რესტორანი“,-ამბობს ნუცა აბრამიშვილი.
მისი თქმით, კახეთის რეგიონი გახდება მისი მნიშვნელობით მსოფლიოში ყველაზე „კოვიდ უსაფრთხო მხარე“, სადაც ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასევე შენარჩუნებული იქნება მწვანე რეგიონის სტატუსი, როგორც მრავალგზის დაჯილდოვებული წოდებით - ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა რეგიონი მსოფლიოში.
„თითოეულ ჩვენგანს, ყველა ჩვენს მოქალაქეს ესაჭიროება სუფთა ჰაერი, ბუნებით ტკბობა, სხვადასხვა გამაჯასაღებელი აქტივობები, ერთმანეთთან კომუნიკაცია და ჩვენც მათთან ერთად დავისვენებთ და ეს იქნება ყველაზე სიხარულის მომგვრელი მუშაობა, გვექნება პატივი მოვემსახუროთ ჩვენს სტუმრებს და გაგვიხარდეს ერთად ყოფნა. მე დიდი იმედი მაქვს ქვეყნის დადებითი დინამიკა ვირუსის დაძლევაში ასეთი ტემპებით შენარჩუნდება და საქართველო მალე კარს გაუღებს მსოფლიო ტურისტებსაც. მათ კი დავხვდებით კარგად მომზადებულნი ყველა უსაფრთხოების და პრევენციული ნორმების სრული დაცვით“,-ამობს ნუცა აბრამშვილი.
ცნობისთვის, კომპანია 300-მდე ადამიანს ასაქმებს.