„პარადოქსია, როდესაც ვაზის ქვეყანა ხარ და სომხეთიდან შემოგაქვს სუფრის ყურძენი“ - საკითხები, რომელიც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოხვდა

„გრძელვადიან პერსპექტივაზე და ეკონომიკურ ეფექტურობაზე გათვლილი საკითხები, სამწუხაროდ, ვერ დავინახე“,- აცხადებს „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას.

„მომავლის ფერმის“ თავმჯდომარე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იმ მიმართულებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მთავრობის მიერ წარმოდგენილ სოფლის მეურნეობის პროექტში ვერ მოხვდა და რაც სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლია“.

„მე არსად დამინახავს ისეთი საკითხების მხარდაჭერა, რომელსაც ითხოვს ბიზნესი. კერძოდ, რძის ინდუსტრიაში, ასევე მეფრინველეობაში დღგ-ს საკითხი. ასევე, ყველაზე მწვავე გამოწვევა, რაც იყო და „კოვიდმა“ კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა, ეს არის ლოჯისტიკურ პრობლემები. სამწუხაროდ, არც ამაზე იყო პასუხი. კი ბატონო, მცირე მეწარმეებმა და ფერმერმა მოიყვანეს რაღაც მოსავალი, მაგრამ სად, როგორ უნდა გაყიდონ და საერთოდ, როგორ ვაგვარებთ ამ ლოჯისტიკურ საკითხებს, არსად იყო მითითებული. ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი შესანახ მაცივრებთან დაკავშირებით რაიმე ხედვა. არადა, ესეც ქვეყნის ერთ-ერთი უმწვავესი გამოწვევაა. წარმოდიგინეთ, რამხელა პარადოქსია, როდესაც ვაზის ქვეყანა ხარ და სომხეთიდან შემოგაქვს სუფრის ყურძენი, იმის გამო, რომ შესანახი მაცივრები არ გაქვს.

მე ასეთი ტიპის გრძელ ვადიან პერსპექტივაზე და ეკონომიკურ ეფექტურობაზე გათვლილი საკითხები, სამწუხაროდ, ვერ დავინახე“,-აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა უკვე წარადგინა. პროექტის მიხედვით დახმარება დაახლოებით, 200 000 ფერმერს შეეხება და სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება.

ნინი ქეთელაური