13 მაისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, საქართველოსთვის გამოყოფილი სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული დახმარების ლიეტუვიდან საქართველოში გაგზავნის ცერემონიაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ლიეტუვაში ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 14 მაისს, საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდება ლიეტუვის საჰაერო ძალების თვითმფრინავით. აღნიშნულთან დაკავშირებით, შიაულიაის აეროპორტში გამართულ ცერემონიაში საქართველოს ელჩთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ატაშემ პოლკოვნიკმა ზვიად შანავამ, აგრეთვე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, მოლდოვისა და სომხეთის ელჩებმა.
"აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება ლიეტუვის მიერ საქართველოს მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. საელჩო მადლობას უხდის ლუეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს და მთლიანად ლიეტუვის მთავრობას გამოჩენილი სოლიდარობისა და თანადგომისათვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.