მოიზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს, ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის ყოფნას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუქის“ ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრებს პირბადის ტარება მოუწევთ.
„რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება, მისი ამუშავება საჭიროა. ადამიანთა გადაადგილებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა ქალაქების შიგნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვანია ასევე საქალაქთაშორისო მიმოსვლების აღდგენის პროცესში, თუმცა აღდგენის პროცესი აუცილებლად იმ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება, რაც ყოველდღიურად წარმოიქმნება და შეიძლება, ყოველდღიურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი ცვლილება საზოგადოების გადაადგილებასთან ერთად, ასოცირებულია შესაძლო რისკების მატებასთან და თუ ამ რისკების მატების შედეგად, დღის წესრიგში დადგა დაავადების შემთხვევათა მატება, რომელმაც შესაძლოა, რისკი შეუქმნას საზოგადოების ჯანმრთელობას, სამწუხაროდ, შესაძლოა, მოგვიწიოს პერიოდულად უკუსვლების გაკეთებაც და კვლავ შეზღუდვების დაწესება. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად, როგორც ჩემთვის ცნობილია, მოიზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს, ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის ყოფნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის შიგნით და მგზავრების მიერ პირბადეების გამოყენებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას“,-განაცხადა ზახაშვილმა.