საპენსიო სისტემა 165 866-მა დასაქმებულმა დატოვა,- ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც გიორგი ჭიჭინაძე აცხადებს, გასვლების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
„საპენსიო სისტემაში 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, გაწევრიანებულია დაახლოებით 1 014 000-მდე მონაწილე და ყოველთვიურად 10 000-მდე ახალი მონაწილე გვემატება, ხოლო გასვლების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. დღევანდელი მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში გასვლის უფლების მქონე მონაწილეთა 60% დარჩა, ხოლო სისტემიდან გასულია 165 866 დასაქმებული. უნდა ვაღიარო, რომ ასეთი შედეგის მოლოდინი, რეფორმის დაწყებისას, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსაც არ ჰქონდათ. როგორც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი, მივიჩნევ, რომ საპენსიო რეფორმა სტაბილურობის გარანტიაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის“,-აღნიშნავს ჭიჭინაძე.
რაც შეეხება საპენსიო დანაზოგების მდგომარეობას, გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, საპენსიო აქტივები შეადგენს 741 მილიონ ლარს, აქედან 82%, ანუ 606 მილიონი განთავსებულია კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში (CD-ებში), ხოლო დანარჩენი 18%, ანუ 133 მილიონი, კომერციულ ბანკებში და ეროვნულ ბანკში სარგებლიან ანგარიშებზე. ჯამში მთელ საპენსიო აქტივებს, ანუ 741 მილიონ ლარს, დარიცხული აქვს 44 მილიონი ლარი.