ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, COVID-19-ის კრიზისის შედეგად, საქართველოში ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილსა და ბიზნესს

ევრონესტის საპარლამენტო ანსამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, COVID-19-ის კრიზისის შედეგად, საქართველოში ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში, ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილსა და ბიზნესს. მისივე თქმით, ქვეყანაში საჯარო ინსტიტუტებმა ყველა სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, რათა ამ კრიზისს გაუმკლავდნენ.

„მე ვხედავ უპრეცედენტო გამოწვევას COVID-19-ის კრიზისის მენეჯმენტის მიმართულებით, რასაც ექნება უდიდესი გავლენა საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორზე თავისი უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგებით. ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილსა და ბიზნესს, ასე რომ, საჯარო ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ ყველა სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობა, რათა მას გაუმკლავდნენ. ევროკავშირის პასუხისმგებლობა იქნება, გააგრძელოს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების დახმარება, ჩვენ უნდა მოვძებნოთ უფრო გრძელვადიანი დახმარების საშუალება საქართველოს ეკონომიკის ამუშავებისა და რეფორმებისთვის, ასევე უნდა დავსახოთ დეტალური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსთვის. ევროკავშირი ახლაც ბევრს აკეთებს და მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის დახმარებისთვის,“- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ აღმოსაველთ პარტნიორობის რეგიონი ევროპის ნაწილია და ევროკავშირისთვის გეოლოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება.

„ევროკავშირმა COVID-19 -ის პანდემიისა და მის მიერ გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავების პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად სწრაფად მიიღო მთელი რიგი ზომები. ჯამში, ევროკავშირი თავისი მეზობელი ქვეყნებისთვის 3 მილიარდ ევროს გამოყოფს, საიდანაც 962 მილიონი ევრო მიმართული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისკენ, მათ შორის საქართველოსკენ,“- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.