კონკრეტულ ქვეყნებთან გარკვეული მიღწევები გვაქვს და მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა ის ქვეყნები დაასახელა, რომლებთანაც ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„პრემიერ - მინისტრის დავალებით, მთელი მთავრობა და პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტრო, პერმანენტულ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს კოლეგებთან. მე სისტემატიური კომუნიკაცია მაქვს სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის, ტურიზმის მინისტრებთან, იმ უწყებებთან, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობს, რომ შევიმუშაოთ უსაფრთხო კორიდორების წესები და ჩვენმა ძალისხმევამ უკვე გამოიღო შედეგი. კონკრეტულ ქვეყნებთან გვაქვს გარკვეული მიღწევები და მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ. ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა დაასახელეს საქართველო, როგორც ერთ - ერთი ქვეყანა, სადაც თვლიან, რომ მათი ტურისტები ჩავლენ. ასევე, სხვა ქვეყანასთან ვაგრძელებთ მუშაობას. არ მინდა რომელიმე გამომრჩეს, ესაა ევროპული ქვეყნები, მათ შორის ის ქვეყნები, საიდანაც ბოლო დროს დიდი ინტერესი იყო ტურისტული თვალსაზრისით, ესენია: პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ახლა საფრანგეთთან ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას, ბალტიისპირეთი და ჩვენი რეგიონის ქვეყნები“,- განაცხადა თურნავამ.