ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა.
კანონპროექტი პენსიის ინდექსაციას გულისხმობს.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოში 2020 წლის აპრილის მდგომარეობით 770.3 ათასი ასაკით პენსიონერია, რომელთა პენსიაც 220 ლარს შეადგენს და 2020 წლის ივლისიდან 70 წლის ასაკის ზემოთ პენსიონერებისათვის დაგეგმილია დამატებით 30 ლარიანი ზრდა. სამინისტროს ცნობით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები დამატებით იღებენ პენსიაზე დანამატს (20%). სახელმწიფო პენსია ასევე გამოიყენება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთათვის კომპენსაციის გამოთვლის ბაზად.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, 2020 წელს მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული სახსრები 2.3 მლრდ ლარს აღწევს.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, თუმცა ოდენობა განსხვავებული იქნება 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ მყოფი ასაკის პენსიონერებისთვის.
„პენსიის ინდექსაცია წარმოდგენილი რედაქციით პენსიის ზრდის უფრო მაღალ ინდექსს გულისხმობს 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისათვის, ვიდრე 70 წლამდე საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის. აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ 70 წელს ზემოთ მოსახლეობა უფრო მეტად არის მოწყვლადი შემოსავლის დაკარგვის მიმართ და ასევე ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით მეტ სოციალურ გარანტიებს საჭიროებენ. 70 წლამდე მოსახლეობისთვის, პენსია გაიზრდება ინფლაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით. ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები ყოველწლიურად მიიღებენ გაზრდილ პენსიას, რომელიც აკომპენსირებს ინფლაციას სრულად, ამასთან დამატებით იზრდება ეკონომიკის რეალური ზრდის 80%-ით.
ყველა პენსიონერი ყოველწლიურად მიიღებს პენსიის ზრდას წელიწადში მინიმუმ 20 ლარის ოდენობით 70 წლამდე მოსახლეობისათვის, ხოლო მინიმუმ 25 ლარით 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ მიზნობრივი ინფლაცია 3%-ის ფარგლებშია, ხოლო პენსია მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება პენსიონერებისათვის ყოველწლიურად,“- ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.