ნათია თურნავას განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები არც ერთი დღით არ შეფერხდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს იქნება სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტები, არცერთი დღით არ შეფერხდეს, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც ეტაპობრივად მიმდინარეობს გახსნა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ფოთის ე.წ. პეისის ტერმინალის პროექტი, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაიწყო, ახლა უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა.

„შეგახსენებთ, რომ ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სულ მცირე, ორნახევარი მილიონი ტონა მშრალი, ნაყარი ტვირთების და გარკვეული რაოდენობა კონტეინერების გადამუშავებას. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ახლა, ამ დღეებში უკვე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტმა უკვე გადმორიცხა პირველი 30 მილიონი დოლარი. მთლიანობაში 50 მილიონი დოლარით შემოდის ეს სტრუქტურა დაფინანსებაში. ეს არის აშშ-ს ფინანსური თანამონაწილეობა ამ პროექტში და შესაბამისად, პროექტი უკვე გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.