ჩვენ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე აქცენტი ყოველთვის გვქონდა და ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს სტრატეგიული მიმართულებებია: ფერმერების კონკურენტუნარიანობის ზრდა, მათი უფრო მეტი კომერციალიზაცია, მეტი კოოპერაცია იმისთვის, რომ ისინი კონკურენტუნარიანები და მდგრადები იყვნენ და აქცენტი მაღალი ღირებულების კულტურებსა და საექსპორტო კულტურებზე.
„ჩვენ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე აქცენტი ყოველთვის გვქონდა და ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა. მე ვამბობ, რომ პროდუქტიულობის ზრდა, კონკურენტუნარიანობის ზრდა ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ჩვენ დამტკიცებულ სტრატეგიებში გვაქვს გაცხადებული, რომელსაც სამინისტრო სხვადასხვა სამოქმედო გეგმის მიხედვით ახორციელებს.
მას შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები აქვს და ეს პროგრამები დაფინანსებულია ბიუჯეტიდან. ის, რომ ჩვენ მათ ახალ შესაძლებლობებს ვაძლევთ, ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია, თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც გვქონდა და ეს გადაწყვეტილება ჩვენი პოლიტიკის თანმიმდევრულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ იმ სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას, რომელზეც აქცენტი გვქონდა და ეს არის: ფერმერების კონკურენტუნარიანობის ზრდა, მათი უფრო მეტი კომერციალიზაცია, მეტი კოოპერაცია იმისთვის, რომ ისინი კონკურენტუნარიანები და მდგრადები იყვნენ და რა თქმა უნდა, აქცენტია მაღალი ღირებულების კულტურებსა და საექსპორტო კულტურებზე. კრიზისი გადაივლის, რეცესიიდან გამოვა მსოფლიო ეკონომიკა და ამ მაღალი ღირებულების კულტურებზე მოთხოვნა დაბრუნდება. თუმცა ვხედავთ, რომ პორტფელში არსებულ ჩვენთვის საინტერესო კულტურებზე მოთხოვნა საკამოდ მყარია. 2020 წლის პროგნოზი ასევე ძალიან კარგია, ვგულისხმობ აქ თხილის კულტურას, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენი ექსპორტის მესამედია. ასე რომ, ამ მიმართუილებების მხარდაჭერა წელსაც მსხვილი პაკეტით არის გათვალისწინებული და გრძელდება“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.