„ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი რომ იზრდებოდეს, ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა არ ვითარდება - ხელისუფლების თვითმიზანი ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილის ზრდა არ არის"

ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი რომ იზრდებოდეს, ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა დგას ან უკან მიდის, არ ვითარდება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების თვითმიზანი ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილის ზრდა არ არის.

„ჩვენ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობა თანაბარწილად იზრდებოდეს და ეს მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ, რომ სოფლის მეურნეობაში იზრდება პროდუქტიულობა. როდესაც სოფლის მეურნეობის ზრდაზე ან ეფექტიანობაზე ვსაუბრობთ, ხშირ შემთხვევაში, ანალიზი არ კეთდება და ძალიან დილეტანტური შეფასებებია. პროდუქტიულობა იზრდება იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 900 000-დან 600 000-მდეა ჩამოსული, რაც 2 000 წლიდან 2020 წლამდე, 20 წლის ბუნებრივი ტენდენციაა. ეკონომიკური ზრდა ვერ იქნებოდა, თუ დასაქმებულთა დიდი არმია სოფლის მეურნეობიდან სხვა სექტორებში არ გადავიდოდა,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთანავე, მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ფერმერების დახმარების პაკეტის მიღება აუცილებელი და პასუხისმგებლიანი ღონისძიება იყო, რათა მეტად წარმატებული იყოს სოფლის მეურნეობა.

„ეს არის ზრუნვა ფერმერზე. ჩვენ შემოგვაქვს კატეგორია ფერმერი, რომელიც არც საკანონმდებლო სივრცეში არ ჩანდა. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ფერმერთა რეესტრის წარმოება და ფერმერის სტატუსი განისაზღვრა. ისინი არ არიან გლეხები და არ არიან სოციალური ბენეფიტის მიმღები კატეგორია. ჩვენ ვაყალიბებთ პროფესიონალურ კატეგორიას. ეს ადამიანები უკვე ფლობენ მიწას ლეგალურად, ეს არის რეგისტრირებული, განცხადებული. ისინი სახელმწიფოსთან კომუნიკაციის რეჟიმში არიან, ფერმერის რეესტრის ნაწილი ხდებიან. ეს არის წინაპირობები, რომ ისინი იღებდნენ გარკვეულ შეღავათებს. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც სოფლის მეურნეობის ასეთი პირდაპირი სუბსიდია არ ხორციელდება. ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა და საკმაოდ დიდი გზა წარმატებისკენ, რომ ჩვენ უფრო მეტი კეთილდღეობა გვქონდეს სოფლად და უფრო მეტად წარმატებული იყოს ჩვენი სოფლის მეურნეობა,“ - განაცხადა დავითაშვილმა.