მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, რობერტ აზევედომ შესაძლოა, თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს.

ამის შესახებ თავად აზევედომ მსო-ს სახელმწიფოების მთავრობებს განუცხადა, - წერს Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით.

რობერტ აზევედოს მსო-ს გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლის სექტემბრიდან უკავია. მისი მეორე, ოთხწლიანი ვადა 2017 წლის სექტემბერს დაიწყო და შესაბამისად, 2021 წლის სექტემბერში იწურება.

აზევედოს უფლებამოსილების დასრულებამდე მსო-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შეასძლოა, მისი 4 მოადგილიდან ერთ-ერთი გახდეს. ვინ დაიკავებს პანდემიის პირობებში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის დროებით პოსტს, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის აზევედოს მოადგილეები არიან: იონოვი ფრედერიკ აგა ნიგერიიდან, გერმანიიდან კარლ ბრაუნერი, შეერთებული შტატებიდან ალან ვოლფი და ჩინეთიდან ი საუჩუნი.

აზევედოს მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ვაჭრობისთვის ყველაზე ნეგატიურ დროს გავრცელდა. მარტში აზევედომ განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა და სამუშაო დანაკარგები უფრო უარესი იქნება, ვიდრე 2008 წლის რეცესიის დროს.