ორ თვეში სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 9 200-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ორი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 9 200-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა.

როგორც დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის მიმდინარეობაზე საუბრისას განუცხადა, ამ ეტაპზე უკვე შეჯამებულია ერთი თვის მონაცემები და მარტში მოქალაქეების კომუნალური მომსახურების სუბსიდირება ბიუჯეტს 55 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

„აპრილში კომუნალური სუბსიდიის შეღავათით რა თქმა უნდა, ისარგებლა ყველა იმ აბონენტმა, რომელსაც დადგენილ ზღვარზე დაბლა ჰქონდა მოხმარება. აპრილში უარი კომუნალურ სუბსიდიაზე 4 600-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა, მათ გადაწყვიტეს, რომ თვითონ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და ამით ხელი შეუწყონ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას. ჯამში მარტსა და აპრილში ერთად 9 200-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა უარი. მარტის თვე უკვე შეჯამებულია და ჯამში 55 მილიონ ლარზე მეტია სამივე სახის კომუნალური მომსახურების დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან გაღებული“,-განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, 11 ივნისამდე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ მაისის კომუნალური სერვისების სუბსიდიაზე თქვან უარი.

შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.