პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, იმ ღვინის ფასი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის, სამარცხვინოა. როგორც მან "ფეისბუკ ლაივის" დროს განაცხადა, სწორედ ამ დაბალი ფასის გამო არ ვითარდება ღვინის მრეწველობა.
"დღეს საქართველოდან ღვინო გადის დაახლოებით 100 მილიონი ბოთლი. მისი საშუალო ფასი არის 2 დოლარი და 30 ცენტი. ეს არის სამარცხვინო ფასი ღვინისთვის. იმიტომაა, რომ ჩვენი ღვინის მრეწველობა არ ვითარდება და იმიტომ არის, რომ ფერმერს, გლეხკაცს, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში უზარმაზარი შრომა აქვს გაწეული, საბოლოო ჯამში ხვდება ის თეთრები, რომელიც ამ ვალუტის დევალვაციის ფონზე კიდევ უფრო არაფერს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ღვინის ფასი გაიზარდოს, საშუალო ფასი, ხარისხი გაიზარდოს და ერთხელ და სამუდამოდ, საქართველო შევიდეს მსოფლიო ღვინის მაღალი კატეგორიის სეგმენტში," - განაცხადა ხაზარაძემ.