რა წესების დაცვა მოუწევთ სილამაზის სალონებს ორშაბათიდან

სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება.

ამის შესახებ დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დარგისთვის სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა და ბიზნესომბუდსმენმა, სილამაზის სალონების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

როგორც შრომის პირობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აღნიშნავს, ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით:

  • პროცედურაზე მიღება წინასწარი ჩაწერით უნდა განხორციელდეს,
  • სალონების შესასვლელში აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი,
  • იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას 20-ზე მეტი დასაქმებული ყავს, უნდა განახორციელოს ტემპერატურული სკრინინგი,
  • რეგისტრატურაში უნდა დამონტაჟდეს დამცავი გამჭირვალე ბარიერი,
  • აღნიშნული ბარიერი უნდა დამონტაჟდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სალონები ვერ მოახერხებენ მომხმარებელთა შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვას.

სილამაზის სალონების ფედერაციის სამუშაო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეგულაციებში გათვალისწინებულია, როგორც დარგის სამუშაო სპეციფიკა ასევე, მათი შენიშვნები.

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებისთვის შემუშავებული სავალდებულო რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდება, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ დეტალურად გაგაცნობთ.

თაია არდოტელი