ჩვენ შემოგვაქვს ახალი კატეგორია, ფერმერი, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში არ ჩანდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა მეტად წარმატებული იყოს ამ მიმართულებით საჭიროა, დროული და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა.
„ჩვენ შემოგვაქვს კატეგორია ფერმერი, ახალი კატეგორია, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში არ ჩანდა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ფერმერთა რეესტრის წარმოება და ფერმერი განისაზღვრა როგორც ადამიანი, რომელიც რეალიზაციის მიზნით აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. ეს არის მნიშვნელოვანი პროფესიული ელემენტის გაჩენა ამ კატეგორიაში. ადამიანები, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, ხდებიან ფერმერები. ისინი არ არიან გლეხები და არ არიან სოციალური ბენეფიტის მიმღები კატეგორია, ანუ სოციალური დახმარების სუბიექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდე გვრჩება. ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა სოციალური დახმარების მიმღებია და ალბათ რამდენიმე წელი ეს იქნება, იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ვაყალიბებთ პროფესიონალ კატეგორიას. ეს ადამიანები ფლობენ მიწას ლეგალურად, ეს არის რეგისტრირებული, ისინი არიან სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში, ხდებიან ფერმერთა რეესტრის ნაწილი და ეს არის წინაპირობა, რომ ისინი იღებენ გარკვეულ შეღავათებს. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც სოფლის მეურნეობის ასეთი პირდაპირი სუბსიდია არ ხორციელდება. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არის 1 ჰა-ზე კონკრეტული შეღავათი, თუ ფერმერი ასრულებს ამ პირობებს. ასეთივე პირობებია ევროკავშირში მოთხოვნილი და ფერმერთა რეგისტრაციის ის სისტემა, რომელიც ჩვენთან დაინერგა, მათ შორის ელექტრონული პროგრამა, არის ევროკავშირთან შეთანხმებული და ევროკავშირში ადაპტირებული. ასე რომ, ეს არის სწორი გზა, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივა წარმატებისკენ, რომ ჩვენ მეტი კეთილდღეობა გვქონდეს სოფლად და მეტად წარმატებული იყოს ჩვენი სოფლის მეურნეობა, აუცილებელია გადაიდგას, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და თანმიმდევრული ნაბიჯი ამ სიტუაციაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.