ქართული ღვინის საექსპორტო ფასთან დაკავშირებით ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე ავრცელებს.
როგორც ის "ფეისბუკ" გვერდზე წერს, პროდუქტის საექსპორტო საშუალო ფასი 3.18 დოლარს შეადგენს.
"ქართული ღვინის წარმოებას და ექსპორტს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით სწორი სახელმწიფო და დარგობრივი პოლიტიკის შედეგად გაშენდა ახალი ვენახები, ფუნქციონირებს ასობით ღვინის საწარმო, მათ შორის ბევრი ახალი, რეკორდულად გაიზარდა ღვინის ექსპორტისა და ყურძნის მოსავლის რაოდენობა. ქართული ღვინო იყიდება ისეთ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე წლის წინ არა თუ ექსპორტი იყო დასაშვები, არამედ ქართულ ღვინოს საერთოდ არ იცნობდნენ. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასს „სამარცხვინო“ უწოდა და ვითარება წარმოაჩინა ისე, თითქოს წარმატებულ მეღვინეობის ქვეყნებში ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ძვირადღირებული ღვინოების შესაბამისია.
ამ განცხადების მიზანია ნიჰილიზმის დათესვა საზოგადოებაში, მაგრამ ეს განცხადება ამჯერად მეტისმეტად უსუსური ტყუილი და აცდენილია ფაქტებს. რეალურად: ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი წონის ერთეულზე 2019 წელს 3 დოლარს 18 ცენტს შეადგენს (3.18$). ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი აღემატება მაგალითად ესპანეთის, აშშ-ს, ჩილეს, ავსტრალიის, პორტუგალიის, ახალი ზელანდიის, არგენტინის, გერმანიის, ანუ _ ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების უმრავლესობის მაჩვენებელს, ამასთან_18 ცენტით ჩამორჩება იტალიის საშუალო საექსპორტო ფასს და მხოლოდ 4 დოლარით 19 ცენტით ჩამორჩება ფრანგული ღვინის საშუალო ღირებულებას. შედარებისათვის: ფრანგული ღვინის საექსპორტო ფასი 7 დოლარი და 36 ცენტია(7.36$) იტალიური ღვინის - 3.36$ ესპანეთი - 1.39$ ავსტრალია-2.74$ ჩილე-1.62$ აშშ-3.9$ ახალი ზელანდია - 3.09$ გერმანია-3.03$ პორტუგალია- 3.09$ არგენტინა -2.6$ სამხრეთ აფრიკა- 1.6$ ნიდერლანდები- 5.78$ ავსტრია- 3.43$ საქართველო - 3.18$",- წერს დავით ტყემალაძე.