ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ზომების გამკაცრების მიზეზი გუშინ საღამოს კორონავირუსის დაფიქსირებული რვა ახალი შემთხვევა გახდა. სოფელი გეტა დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცა და ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს.
13 მაისს ლაბორატორიაში გადაგზავნილი 131 საკვლევი მასალიდან 17 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 8 სოფელ გეტაში, 9 - სოფელ მუშევანში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 139 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 49 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში იმყოფება 78, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე.