მსოფლიო ეკონომიკამ ახალი კორონავირუსის (კოვიდ19) პანდემიის შედეგად შესაძლოა 5.8-დან 8.8 ტრილიონ აშშ დოლარამდე იზარალოს, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.4%-დან 9.7%-მდეა, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის დღეს გამოქვეყნებულ (ADB) ანგარიშში.
ანგარიში, კოვიდ-19-ის პოტენციური ეკონომიკური ზეგავლენის განახლებული შეფასება, ადგენს, რომ ეკონომიკურმა ზარალმა აზიასა და ოკეანეთში შესაძლოა იმერყევოს 1.7 ტრილიონი აშშ დოლარიდან — გავრცელების სწრაფი შეკავების, სამთვიანი სცენარის შემთხვევაში — 2.5 ტრილიონ აშშ დოლარამდე— ხანგრძლივი შეკავების ექვსთვიანი სცენარის შემთხვევაში, რაც მსოფლიო წარმოებაში რეგიონის წვლილს 30%-ით შეამცირებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ შესაძლოა 1.1-დან 1.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე ზარალი ნახოს. ახალი ანალიზი აზიის განვითარების პროგნოზი 2020-ის მონაცემების განახლებული ვერსიაცაა. 3 აპრილს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მსოფლიო ზარალი 2.0-დან 4.1 ტრილიონ აშშ დოლარამდე იყო ნავარაუდევი.
მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები პანდემიის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირებით გამოირჩეოდნენ და მიიღეს როგორც ფისკალური და სავალუტო რეგულაციების შემსუბუქების ზომები, ასევე გაზარდეს ხარჯვა ჯანდაცვის სფეროში და პირდაპირი დახმარება მოგებასა და შემოსავლებში არსებული დანაკარგების შესამცირებლად. ანგარიშის მიხედვით, თუ მთავრობები მსგავს ღონისძიებებს გააგრძელებენ, ამან შესაძლოა კოვიდ-19-ის ეკონომიკური ზემოქმედება 30%-დან 40%-მდე შეარბილოს და პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური დანაკარგები 4.1-დან 5.4 ტრილიონ აშშ დოლარამდე შუალედში შეამციროს. ანალიზი, რომელიც იყენებს გლობალური ვაჭრობის ანალიზის პროექტის ზოგადი ეკვილიბრუმის მოდელს, მოიცავს პანდემიისგან დაზარალებულ 96 ეკონომიკას კოვიდ-19-ის 4 მილიონზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევით. ტურიზმის, მოხმარების, ინვესტიციების, ვაჭრობისა და წარმოების ჯაჭვების შოკებს, რომელიც აზიის განვითარების პროგნოზი 2020-ში იყო ნავარაუდევი. ახალ ანგარიშში ემატება გადამცემი არხები, როგორიცაა ვაჭრობის ხარჯების ზრდა, რაც აფერხებს მობილობას, ტურიზმს და სხვა დარგებს; დარღვევები მიწოდების ჯაჭვში, რაც უარყოფითად მოქმედებს მწარმოებლურუნარიანობასა და ინვესტიციებზე; და მთავრობის საპასუხო პოლიტიკა, რომელიც კოვიდ19-ის მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას არბილებს.
„ახალი ანალიზი წარმოადგენს კოვიდ-19-ის პოტენციური მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზემოქმედების ფართო სურათს. ის ასევე ხაზს უსვამს ზარალის შესამცირებლად მთავრობის ღონისძიებების მნიშვნელობას. ახალი მონაცემები შესაძლოა მთავრობებს სახელმძღვანელოდაც გამოადგეს და იმ ზომების განსაზღვრაში დაეხმაროს, რაც პანდემიის შეკავებასა და ეკონომიკებსა და მოსახლეობაზე მისი ზემოქმედების შერბილებაში დაეხმარება,”-განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ.
ADB-ის კოვიდ-19-ის რეგულაციების მონაცემთა ბაზა შეიცავს დეტალურ ინფორმაციას იმ მთავარ ეკონომიკურ მექანიზმებზე, რასაც ADB-ის წევრები პანდემიის წინააღმდეგ მიმართავენ. გავრცელების შეკავების მოკლე და გრძელ სცენარებში ანგარიში განმარტავს, რომ საზღვრების ჩაკეტვა, სამგზავრო შეზღუდვები და კარანტინი, რაც პანდემიით დაზარალებულმა ეკონომიკებმა კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს, მსოფლიო ვაჭრობას სავარაუდოდ 1.7-დან 2.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს. დასაქმება მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება 158-დან და 242 მილიონამდე სამუშაო ადგილით, რაც აზიასა და ოკეანეთში ჯამური სამუშაო ადგილების დაკარგვის 70%-ს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის შემცირება 1.2-დან 1.8 ტრილიონ აშშ დოლარამდეა მოსალოდნელი, რომლის 30%-ს რეგიონის ეკონომიკები იგრძნობენ, ანუ 359 მილიარდიდან 550 მილიარდ აშშ დოლარამდე.
„ჯანდაცვის ხარჯების გაზრდასა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან ერთად შემოსავლისა და დასაქმების ძლიერი დაცვაც აუცილებელია უფრო რთულად მიმდინარე და გახანგრძლივებული ეკონომიკური გაჯანსაღების თავიდან ასაცილებლად. მთავრობებმა მიწოდების ჯაჭვების უწყვეტობა უნდა უზრუნველყონ; ხელი შეუწყონ და გააღრმავონ ელექტრონული კომერცია და საქონლისა და მომსახურების მიწოდების ლოგისტიკა და დააფინანსოს დროებითი სოციალური დაცვის მექანიზმები, უმუშევრობის სუბსიდირება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებების — განსაკუთრებით საკვების — მიწოდება მოხმარების კიდევ უფრო მკვეთრი შემცირების თავიდან ასაცილებლად,”- ნათქვამია ანგარიშში.
„ADB აქტიურად მუშაობს მისი წევრების კოვიდ-19-ის შედეგებზე რეაგირებაში დასახმარებლად მიმდინარე წლის13 აპრილს გამოცხადებული 20 მილიარდი აშშ დოლარის საპასუხო პაკეტის საშუალებით. ბანკმა რეფორმათა სერია გაატარა ოპერაციების დასაჩქარებლად და დახმარების მოკლე ვადებში, მოქნილი პროცედურებით მისაწოდებლად. ეწვიეთ ADB-ის ვებ-გვერდს ჩვენი მიმდინარე საპასუხო საქმიანობის შესახებ. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი”,-აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.