საავიაციო ნავთობის იმპორტი 89,1%-ით შემცირდა

საქართველოში საავიაციო ნავთობის იმპორტი მცირდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის აპრილში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 1,0 ათასი ტონა, რაც 5,0 ათასი ტონით ანუ 83,3%-ით ნაკლებია მარტის მაჩვენებელთან (6,0 ათასი ტონა) შედარებით და 8,2 ათასი ტონით ანუ 89,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,2 ათასი ტონა) შედარებით. აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის 100% (1,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან.

„მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 19,5 ათასი ტონა, რაც 11,4 ათასი ტონით ანუ 36,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (30,9 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 75,4% (14,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,3% (2,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 11,3% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.

საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID 19-თან დაკავშირებული ავიარეისების შეჩერებასთან", - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.