3 მიზეზი, რატომ ზოგავენ კომპანიები ფულს თანამშრომლების დატრენინგებით

თანამშრომლების დატრენინგების უპირატესობებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის, პროდუქტიულობის, ეფექტურობისა და სამსახურით კმაყოფილების განცდის გაზრდა.

როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ორგანიზაცია და რამდენად კვალიფიციური თანამშრომლებიც არ უნდა ჰყავდეს მას, კონკრეტულ სფეროში თანამედროვე ტენდენციების გასაცნობად, პიროვნული უნარების გაუმჯობესებისთვის ან უბრალოდ, მოტივაციის გასაზრდელად, პერიოდულად მიმართავენ ტრენინგებს.

იმ ტოპ კომპანიების ათეულში, რომელთაც საუკეთესო ტრენინგ პროგრამები აქვთ, მოხვდნენ Amazon, Seattle Genetics, Marriott International Inc და სხვა უმსხვილესი ორგანიზაციები, რომელთაც თავიანთ სფეროში წარმატებას უკვე მიაღწიეს.

ნაყოფიერი ტრენინგები მსხვილ თუ საშუალო ბიზნესებს ხარჯების დაზოგვასა და შემოსავლების ზრდაში ეხმარება, დაუტრენინგებელმა თანამშრომლებმა კი შეიძლება, ბიზნესს შემოსავალი დააკარგვინონ:

დაუტრენინგებელი თანამშრომლები = სამსახურით უკმაყოფილო თანამშრომლები

თანამშრომელი, რომელიც გრძნობს, რომ დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ ვერ ართმევს თავს, ამისთვის კვალიფიკაცია ან მოტივაცია არ ჰყოფნის, საქმეს უფრო გულგრილად ეკიდება და შეიძლება, მეტი შეცდომა დაუშვას, რაც ბიზნესს შემოსავალს დააკარგვინებს.

სამსახურით კმაყოფილება მნიშვნელოვანია Amazon-ისა და Google-ის მსგავსი კომპანიებისთვისაც, რომლებიც თავიანთ სფეროში ლიდერები არიან. ამიტომ ამის მისაღწევად ისინი რესურსებს არ ზოგავენ.

თუ კომპანია სწრაფი განვითარების ტემპებს ფეხს ვერ უწყობს, ეს მომხმარებელთა შემცირებას იწვევს

სწრაფი და ხარისხიანი სერვისის მიწოდება მოტივირებულ და კვალიფიციურ თანამშრომელზეა დამოკიდებული, რომლის შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ხანდახან გამოცდილ კადრს „ცოდნის გადასახალისება“ სჭირდება. მოტივაციისთვის შეიძლება, პიროვნული განვითარების კუთხით ჩატარებული ტრენინგებიც გახდეს საკმარისი. რაც უფრო კარგია სერვისი, მეტი შესაძლებლობაა, ერთგული მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდოს.

შემოსავლების შემცირების პრობლემა

მომხმარებელთა მოთხოვნები დღეს უფრო მაღალია, ვიდრე პირობითად, 10 წლის წინ. ამიტომ თანამშრომელს, რომელმაც მაგალითად, ფინანსების მიმართულებით ამავე დროის წინ დაიწყო მუშაობა, დიდი ალბათობით, ახალი უნარების შეძენა დასჭირდება.

თუ თანამშრომელი საქმეს უფრო ნელა ასრულებს და ვერ ახერხებს, კომპანიისთვის მისაღები რაოდენობის მომხმარებელს მოემსახუროს ან სასურველი რაოდენობის საქმე შეასრულოს, ამან შეიძლება, შემოსავლების შემცირება გამოიწვიოს.

სისწრაფე და ახალი უნარების ათვისება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებლობას წარმოადგენს.

კომპანიების ნაწილმა COVID-19-ის მიერ შექმნილი მდგომარეობა თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოიყენა, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვის კუთხით საქართველოში გამოირჩევა საბანკო და საფინანსო სექტორი. მაგალითად, COVID-19-ის პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისიმ“ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგების ორგანიზება ისევე გააგრძელა როგორც ამას ჩვეულ რეჟიმში აკეთებდა, ოღონდ ამჯერად, ონლაინ რეჟიმში.

„ემბისის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგის თემაც „სამუშაოთი კმაყოფილება“ იყო, რომლის დროსაც განიხილეს შრომის კმაყოფილებაზე გავლენის მომხდენი ფაქტორები და გაყიდვების მიმართულებით წარმატების მიღწევის მთავარი პრინციპები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ტრენინგები ახალი მიმართულებების სწავლებასა და ე.წ. Soft-უნარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„დღეს, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლებზე ზრუნვა. პროექტის ფარგლებში პროფესიული ცოდნისა და სხვა უნარების გაზიარება დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მუშაობის მეთოდები და პროცესები, ავამაღლოთ თანამშრომელთა განწყობა და ლოიალობა კომპანიის მიმართ, დავეხმაროთ მათ ახალი ცოდნისა და პროფესიული უნარების შეძენაში, ახალ გამოწვევებთან ადაპტაციაში. ამ გზით, მათ მუდმივად აქვთ კომუნიკაცია კომპანიის ტოპმენეჯერებთან, იღებენ ყველა კითხვაზე პასუხს და ჩვენთან ერთად ერთვებიან გამოწვევების დაძლევის პროცესში. გვჯერა, რომ ყველა გამოწვევას გუნდურობით, პროფესიონალიზმითა და მუდმივი განვითარებით დავძლევთ“, − განმარტავს "ემბისი"-ს საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ღვალაძე.

ამასთან, დისტანციური მუშაობის დროს ტრენინგების ჩატარებას თავისი დადებითი მხარეც აქვს: თანამშრომლებს შეუძლიათ, სახლში მათთვის სასურველი კომფორტი მოიწყონ და ისე დაესწრონ ონლაინ ტრენინგს.