დღეს გაფორმებული მემორანდუმით, 200 000-ზე მეტი ფერმერი დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებს

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.

უწყების ინფორმაციით, ფერმერების მხარდაჭერისთვის შექმნილი პროექტის განხორციელების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

მემორანდუმი ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს. მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ მოაწერეს ხელი, ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა.

„შერჩევის დროს, კომპანიამ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა ქართველ ფერმერებს დიზელის საწვავი. ჩვენი ფერმერები მიიღებენ მაღალი ხარისხის დიზელს, რაც მნიშვნელოვანია აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. გვაქვს იმედი, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდება და გვექნება საშუალება, რომ ფერმერების მხარდასაჭერად ის მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

„დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გადაცემა. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭირო რაოდენობის დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით. საწვავის ბარათების გადაცემა განხორციელდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსრეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსადა საზოგადოებრივ ცენტრებში, ხოლო აჭარის რეგიონში, არსებულ მუნიციპალურ ცენტრებში. დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას 200,000-ზე მეტი ფერმერი შეძლებს, შედეგად, ისინი, ჯამში, 40 მლნ-მდე ლარის დაზოგვას შეძლებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.