საქართველო, რომელიც ასევე მდიდარია წყლის რესურსით, ამ სიმდიდრის მხოლოდ 20%–ს ითვისებს. ეს - იმ პირობებში, როდესაც ელექტროენერგიის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება და მხოლოდ გასულ 2019 წელს რუსეთისა და აზერბაიჯანისგან შეძენილ ელექტროენერგიაში ქვეყანამ $80 მლნ–ზე მეტი გადაიხადა,- ამის შესახებ „ნენსკრა ჰიდროს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ჰიდროელექტროგენერაცია, რომელიც დასაბამს მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს, განახლებადი ენერგიის წყაროა. ენერგეტიკის ამ დარგის განვითარებით ლიდერი ნორვეგიაა, რომელსაც თითქმის სრულად აქვს ათვისებული წყლის რესურსები. ამ მხრივ საქართველო, რომელიც ასევე მდიდარია წყლის რესურსით, ამ სიმდიდრის მხოლოდ 20%-ს ითვისებს. ეს - იმ პირობებში, როდესაც ელექტროენერგიის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება და მხოლოდ გასულ 2019 წელს რუსეთისა და აზერბაიჯანისგან შეძენილ ელექტროენერგიაში ქვეყანამ $80 მლნ-ზე მეტი გადაიხადა.
პირველი ჰიდროელექტროსადგური ნორვეგიაში 1885 წელს ააგეს ჩანჩქერზე, რომელიც ხელისუფლებამ სწორედ ამ მიზნით გამოისყიდა. უკვე 1920 წელს ქვეყნის ყველა ქალაქს მიეწოდებოდა ელექტროენერგია და ელექტრიფიცირებული იყო მოსახლეობის 64%. დღეს ნორვეგია ჰიდროგენერაციით ევროპაში - პირველ, ხოლო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. მარეგულირებელი, ანუ წყალსაცავიანი ჰესების წილი ქვეყნის ჯამური სიმძლავრის 75%-ს შეადგენს. ეს უზრუნველყოფს წყალუხვობისას დაგროვებული წყლის გამოყენებას წყალმცირობის პერიოდში. ნორვეგიაში, რომლის მოსახლეობა საქართველოსას დიდად არ აღემატება (5.3 მილიონი ადამიანი), ჰიდროელექტოსადგურების წლიური გენერაცია დაახლოებით 135 ტერავატ/საათია. ეს მონაცემი, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად განსხვავდება და დამოკიდებულია წყლის მოდინებასა და ნალექზე. ქვეყანაში 1600 ჰესია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 33 000 მეგავატს შეადგენს. 1000-მდე მარეგულირებელი, ანუ წყალსაცავიანი ჰესი ჭარბი ჰიდრორესურსების აკუმულირებისთვის გამოიყენება. ელექტროენერგიის გენერაციის სიმძლავრე ნორვეგიაში იყოფა ორ კატეგორიად - რეგულირებადი და ცვალებადი. ქარისა და მზის ენერგია ცვალებადია. ელექტროენერგიის წარმოება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მზისა და ქარის რესურსი ხელმისაწვდომია. იგივე ეხება სეზონურ და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურებსაც. თუმცა ნორვეგია წყალსაცავიანი ჰესების საშუალებით წარმატებით ახერხებს ცვალებადი ენერგიის ბალანსირებას. დღეისათვის ნორვეგიას ათვისებული აქვს საკუთარი ჰიდრორესურსების 60%. საქართველოს ჰიდრორესურსები 2019 წელს საქართველოს ჰიდროგენერაციამ ჯამში 8,9 ტერავატ/საათი შეადგინა. ქვეყანაში დადგმული სიმძლავრის ჯამური მოცულობა 4247 მგვტ-ია და მისი 73.3% ჰესებზე მოდის. 2019 წლის ბოლოსთვის საქართველოში ფუნქციონირებდა შემდეგი ტიპის ჰესები: 7 - მარეგულირებელი, 4 - დღიური რეგულირების, 27 - სეზონური, ანუ მოდინებაზე, 53 - მცირე ჰესი. ჯამში ვიღებთ ჰიდროგენერაციის 91 ობიექტს, რაც იგივე ნორვეგიის ჰესების დაახლოებით 5%–ს შეადგენს. ეს - იმ ფონზე, როდესაც, განვმეორდებით, საქართველოს საკუთარი წყლის რესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჰიდროგენერაგიის 56% სწორედ მარეგულირებელ, ანუ წყალსაცავიან ჰესებზე მოდის. ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობის ერთ მესამედს გამოიმუშავებს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“, რომლის დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ-ს შეადგენს. სიდიდით მეორე ჰესია „ვარდნილის კასკადი“. „ენგურჰესი“ და „ვარდნილის კასკადი“ სხვა - შედარებით მცირე ჰესებთან ერთად წარმოადგენენ მარეგულირებელ ჰესებს და წელიწადში დაახლოებით 1990 მგვტ სიმძლავრეს უზრუნველყოფენ. ზამთარში სეზონურ სადგურებზე წყლის ჩამოდინება მინიმალურია და შესაბამისად, მათი გამომუშავებაც მცირეა. ამასთან, ეს პერიოდი ხასიათდება მაღალი მოხმარებით, ამიტომ ამ დროს საქართველოს ენერგოსისტემა დეფიციტურია. მოხმარების დაკმაყოფილება ხორციელდება ძირითადად რამდენიმე მარეგულირებელი ჰესის (ენგურჰესი, ხრამჰესი 1,2, ვარდნილჰესი, ძევრულჰესი, შაორჰესი, ჟინვალჰესი) მიერ წყალსაცავებში დაგროვებული წყლის ხარჯზე, ასევე გარდაბნის თბოელექტროსადგურებით (N 3, 4, 9 ბლოკები, აირტურბინა, კომბინირებული სადგური) და მეზობელი ქვეყნებიდან (რუსეთი, აზერბაიჯანი) იმპორტირებული ენერგიით. საქართველოს ჰიდროპოტენციალი და ათვისების ოპტიმალური სტრატეგია ფაქტია, რომ ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სჭირდება წყლის შემგროვებელი სადგურების მშენებლობა. ეს აამაღლებს სისტემის მდგრადობას, მოქნილობას და გააჩენს ცვალებადი გენერაციის (მზისა და ქარის) დამატებითი სიძლავრეების ინტეგრაციის საშუალებას. ჰიდრორესურსების აკუმულირება სწორედ წყალსაცავიან ჰესებშია შესაძლებელი: მათ „ენერგეტიკული ზამთრის“ პერიოდში, ანუ იმ თვეებში ავითვისებთ, როდესაც საქართველოს მდინარეებში წყლის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მცირე, სეზონური ჰესები პრაქტიკულად ვეღარ მუშაობს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ჩვენი ენერგეტიკა დაფუძნებულია ჰიდროენერგიაზე და მდინარეების მოდინებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს რეზერვუარიანი ჰესების დიდი პოტენციალი და დაგუბების კუთხით ძალიან შეზღუდულები ვართ. რამდენიმე პროექტია მხოლოდ საქართველოში, რომლებსაც ჩვენი ენერგოდამოუკიდებულობის მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთებია ხუდონი, ნენსკრა და ნაწილობრივ ნამახვანი. ყველა დანარჩენი ჰესის პროექტი მოდინებაზეა დამოკიდებული. რეგულირებადი ჰესები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სისტემის გაზრდისთვის, ასევე ალტერნატიული ენერგეტიკის კუთხით, ვინაიდან მზისა და ქარის ელექტროსადგურები არასტაბილურია და მათ დასაბალანსებლად აუცილებელია ჰიდრორესურსებით მიღებული ელექტროენერგია“ ,- განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.