„წელს ჩვენი გეგმის მაქსიმუმია, რომ სასტუმრომ და ადმინისტრაციამ როგორმე საკუთარი თავი შეინახოს“ – GDG+ პოსტპანდემიურ მოლოდინებზე

კომპანიამ GDG+ სასტუმროების მშენებელობა განაახლა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სამუშაოები 3 ობიექტზე განახლდა, ამასთან, მენეჯმენტი ტურისტული სეზონისთვის უკვე ემზადება.

როგორც ბეჟან წაქაძე ამბობს, პოსტპანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მოგებაზე მუშაობის მოლოდინი არ არსებობს. შესაბამისად, კომპანიის წლევანდელ გეგმის მაქსიმუმს, სასტუმროებისა და თამშრომლების შენახვა წარმოადგენს.

ცნობისთვის, კომპანია ქვეყნის მასშტაბით 5 ობიექტის მშენებლობას ახორციელებდა, თუმცა კორნავირუსის გამო, სამუშაოები დროებით შეაჩერა. ბეჟან წაქაძის ინფორმაციით, ზოგიერთი ობიექტი დასრულებულია, თუმცა გახსნის ნაწილი გადაიდო, 3 სასტუმროს მშენებლობა კი შეჩერდა. აქედან 3 კომპლექსი თბილისში, ერთი ქუთაისში, ერთი კი - ვანში მდებარეობს.

„დაახლოებით ერთი კვირაა, რაც სამ ობიექტზე განვაახლეთ მუშაობა. ეს არის თბილისში, უკლებას და ყიფიანის ქუჩებზე, ასევე ქუთაისის აეროპორტთან სასტუმრო.

რა თქმა უნდა, ყველანაირი სტარდარტების დაცვით, შესაბამისი აღჭურვილობითა და პირბადეებით ვმუშაობთ.

ადმინისტრაცია თავიდანვე სახლიდან, დისტანციურ რეჟიმზე მყავდა გადაყვანილი და არც ხელფასი შემიმცირებია. ისინი ამავე რეჟიმში აგრძელებენ საქმინობას. რაც შეეხება მუშებს, ისინი დღიური გამომუშავებით არიან.

ტრანსპორტირებას თვითონ აგვარებენ, ბევრ მათგანს ავტომობილი ჰყავს და რაღაცნაირად ნაწილდებიან.

რაც შეეხება სხვა სირთულეებს, პირდად მე, პრობლემა მაქვს მხოლოდ ვიზიტორების მიმართულებით. ერთი სასტუმრო დაკეტილი მაქვს, მეორეს ახლა ვასრულებ, მაისში უნდა გამეხსნა. ახლა მხოლოდ იმ ვადებს ველოდები, რომელიც სახელმწიფომ დააანონსა, რომ სტუმრების მიღება შევძლოთ. როგორც ითქვა, 1-ლი ივლისიდან ფრენებიც განახლდება და მენეჯმენტი უკვე მუშაობს, რომ ვიზიტორებს მომზადებულები დავხვდეთ. ვფიქრობ, ივლისში დავიქოქებით. რა თქმა უნდა, სტუმრების ის რაოდენობა არ გვეყოლება, რაც გათვლილი გვქონდა, მაგრამ მთავარია ობიექტებმა იმუშაოს. იმის ამბიცია არ გვაქვს, რომ მოგებებზე გავალთ, წელს ჩვენი გეგმის მაქსიმუმია, რომ სასტუმრომ და ადმინისტრაციამ საკუთარი თავი როგორმე შეინახოს. მერე ვნახოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“,-ამბობს ბეჟან წაქაძე.

ნინი ქეთელაური