მიხეილ ჩხენკელი - დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული გამოცდები იგივე დროს ჩატარდება - აგვისტოში გადატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების აგვისტოში გადატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია.

როგორც ჩხენკელმა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ დროისთვის ეროვნული გამოცდების იმავე ფორმატით და იმავე რიცხვში ჩატარება იგეგმება.

„დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული გამოცდები იგივე ფორმატით და იგივე დროს ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენ ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. როგორც წინა წლებში ზუსტი თარიღები ცხადდება ივნისში და ივნისში ყველას გვექნება გაცილებით უფრო მკაფიო და უკეთესი სურათი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით.

ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოში გადატანა. ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია და იქნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან,“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.