„ყველა უნივერსიტეტმა ამ სემესტრის სწავლის გადასახადი სტუდენტებს ან გადაუვადა, ან გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზა"

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ყველა რექტორს მიეცა რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა. შესაბამისად ყველა უნივერსიტეტმა ამ სემესტრის სწავლის გადასახადი ან გადაუვადა სტუდენტებს, ან გადახდის მოქნილი, ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზა.

როგორც მინისტრმა ასევე განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას აღნიშნა, უახლოეს დღეებში ონლაინ რეჟიმში ექნებათ რექტორთა საბჭო, სადაც რექტორებთან ერთად იმსჯელებენ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების გახსნის თაობაზე.

„რასაკვირველია, უნივერსიტეტები ინდივიდუალურ გრაფიკებს გააკეთებენ, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცესიც, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობაზე იქნება დაფუძნებული და შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოცემული პროტოკოლების დაცვა ზედმიწევნით კარგად მოხდება.

ყველა რექტორს მიეცა რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა, შესაბამისად ყველა უნივერსიტეტმა ამ სემესტრის სწავლის გადასახადი ან გადაუვადა სტუდენტებს, ან გადახდის მოქნილი, ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზა. სამინისტროს მხრიდან ჩვენ სრულად უზრუნვევლყოფთ, როგორც ყოველთვის, 2019-2020 წლის სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრული გრანტების, სტიპენდიების და პროგრამების დაფინანსებას“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება მეცნიერებას, მინისტრის თქმით, საქართველო რამდენიმე ქსელში და პროგრამაში ჩაერთო, სადაც სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის გაცვლა მოხდება.

„მინდა ასევე შევეხო ჩვენი მეცნიერების მოღვაწეობას კრიზის პერიოდში. საქართველო ჩაერთო რამდენიმე ქსელში და პროგრამაში, სადაც მოხდება სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის გაცვლა და აქ ჩვენი მეცნიერები აქტიურად მონაწილეობენ. ასევე ერთი სასიხარულო ფაქტი მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა ძალიან პრესტიჟულ ევროპულ კონკურსში, „ჰორიზონტ 2020“-ის პროგრამის ფარგლებში გაიმარჯვა და 197 500 ევროს ღირებულების გრანტი მივიღეთ. მინდა ჩვენს მეცნიერებს ეს ამბავი მივულოცო“, - აღნიშნა ჩხენკელმა.