ვფიქრობთ, რომ აპრილსა და მაისში იქნება ეკონომიკური ვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები და ოქტომბრის შემდგომ უკვე სტაბილურ დონეზე უნდა დადგეს, შესაძლოა, - 4%-ზე ნაკლები იყოს ეკონომიკური შემცირება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით არსებული პროგნოზების შესახებ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, არის პოზიტიური სცენარი, სადაც საუბარია, რომ ეკონომიკის წლიური შემცირება -2%-ის ფარგლებში იყოს, არის დაშვებები, სადაც შეიძლება 7-9%-მდე ვისაუბროთ. თუმცა, ყველაზე რეალისტური სცენარი არის წლიური 4%-იანი შემცირების და ბიუჯეტი სწორედ ამ მაჩვენებელზე იქნება დაგეგმილი. მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს თვის ბოლომდე წარედგინება.
„რაც შეეხება სექტორულ პროგნოზებს, პირველი და ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო, ეს სექტორი ყველაზე მეტად შემცირდება, სავარაუდოდ 60-65%-ით, რასაც რა თქმა უნდა ვერანაირი დახმარება ვერ გადაფარავს. სხვა სექტორებს მნიშვნელოვანი დარტყმა არ ექნებათ, ყველა სექტორს ექნება თანაბარი, წლიურ ჭრილში დაახლოებით 4%-იანი შემცირება. საექსპორტო მაჩვენებელი ვფიქრობთ მნიშვნელოვნად არ შემცირდება, დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია შემცირება მოსალოდნელი“,-აღნიშნა კაკაურიძემ.