4 შეღავათი, რომელსაც სამშენებლო სექტორი მთავრობისგან ითხოვს

90%-ით შემცირებული გაყიდვები, გაჩერებული პროექტები და კიდევ უფრო გამძაფრებული ბიუროკრატიული პროცესები. ეს ის საკითხებია, რომელსაც დეველოპერების ნაწილი ყველაზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს და სახელმწიფოს დახმარებასაც ამ მიმართულებით სთხოვს.

კონკრეტულად, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სამშენებლო სექტორმა ინვესტიციების მოზიდვა და საქმიანობის გაგრძელება შეფერხების გარეშე შეძლოს - „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური 4 შეღავათს ასახელებს. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, ესენია: სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივება, საბანკო რეგულაციების დროებით შერბილება, ნებართვების გაცემის პერიოდის შემცირება და დღგ-ს ნაწილში შეღავათების დაწესება.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის გამო, სამუშაო პროცესი სამშენებლო სექტორსაც შეჩერებული ჰქონდა. თუმცა, მთავრობის დადგენილებით საქმიანობის აღდგენის უფლება 11 მაისიდან მიეცათ.

„ახლა მნიშვნელოვანია გაყიდვების მიმართულებით არსებული ვითარების გამოსწორება. ამიტომ, მე ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, რომ ვისაც ბანკებთან აქვს ვალდებულება, ეს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი კიდევ გადავადდეს. წლის ბოლომდე მაინც ამ პროცენტის გადახდა რომ არ მოხდეს.

მეორე - მოგეხსენებათ, თავის დროზე საბანკო რეგულაციებით იპოთეკური სესხის გაცემაც ძალიან შეზღუდეს. მესმის, ამას თავისი ახსნა ჰქონდა, მაგრამ მიღებულმა გადაწყვეტილებამ უძრავი ქონების ბაზარზე რყევები მაშინვე გამოიწვია. ახლა წარმოიდგინეთ, დღევანდელ მდგომარეობაში, როდესაც მყიდველი ისედაც რთულად მოსაძებნია, კიდევ დამატებითი ბანკებთან არსებული ბარიერები, როგორ აისახება ბიზნესზე. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ნაწილი, თუნდაც ამ კრიზისული პერიოდის გამო, დროებით მაინც თუ გაუქმდება, სამშენებლო სექტორს ძალიან დაეხმარება.

მესამე - ნებართვების გაცემა. თქვენ იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან გართულდა პროექტების დამტკიცება. გასაგებია, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, რადგან ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობდა და ამის შეზღუდვა იყო საჭირო. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იმ პროექტებს, რომელსაც ნებართვას აძლევ, ცოტა მოკლე დროში მოხდეს ამის გაკეთება. როდესაც პროექტზე ნებართვის მიღებას სჭირდება 2 წლამდე პერიოდი, მე ვფიქრობ, ეს ძალიან არაადეკვატური დროა. მაშინ, როდესაც ამის გაკეთება შესაძლებელია 6 თვეშიც.

თუ საჭიროა ამისთვის შეიქმნას რაიმე ზემდგომი მაკონტროლებელი კომისია, რომელთანაც ანგარიშვალდებულნი იქნებიან ის უწყებები, ვინც ნებართვას გასცემენ და არ იყოს მუნიციპალიტეტების და ქალაქების დონეზე მიტოვებული, მაგრამ მოხდეს სწრაფად. დროში გაწელილი ნებართვები, საერთოდ უკარგავს ინტერესს ბიზნესმენსაც და უცხოელ ინვესტორსაც. მაგალითად, მესიჯი რომ იყოს ასეთი - ნახეთ პროექტები, ფული მოიზიდეთ, სამუშაო ადგილები შექმენით და მოკლე დროში გადაგიწყვეტავთ ნებართვის საკითხს, დამიჯერეთ, ძალიან ბევრი პროექტები დაიწყებოდა. იმიტომ, რომ ბოლო 20 წელია, ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი კონტრიბუტორი არის სამშენებლო სექტორი. ამიტომაც არის, რომ უცხოელი ინვესტორები სამშენებლო სექტორში უფრო დებენ ფულს, ვიდრე მაგალითად, მძიმე მრეწველობაში ან სხვა დარგში.

და მეოთხე - დღგ-ს ნაწილში შეღავათები. ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, რომელიც გააჟღერა მთავრობამ, ძალიან კარგი იქნებოდა. დაველოდებით, მიიღებენ თუ არა ამას“,-ამბობს მალხაზ კუნელაური.

ნინი ქეთელაური
რა საბუთების წარდგენაა საჭირო ფულადი კომპენსაციის მისაღებად - დღეიდან თვითდასაქმებულები რეგისტრაციას შეძლებენ
საბაზო სცენარით საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 4.5-5.5%-ით შემცირდება - “თიბისი კაპიტალი“
როგორ შეიცვლება უძრავი ქონების ფასები 2020 წელს - „თიბისი კაპიტალის" კვლევა