ჯანდაცვის სამინისტრომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ლაბორატორიებისა და შიდა საგამოცდო ცენტრებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გამოსცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგებისა და სტუდენტების მიღება წინასწარ განსაზღვრული გეგმის/ცხრილის მიხედვით უნდა მოხდეს.
სასწავლო დაწესებულებებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ პედაგოგებისა და ცვლებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა ისე, რომ უზრუნველყონ სამუშაო ფართის ყოველ 5მ2 ფართობზე 1 (ერთი) ადამიანის დაშვება.
დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ: ნაკადის კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არაუმცირეს 2მ); სტუდენტთა განთავსება სასწავლო მაგიდებთან იმგვარად, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთისა და პედაგოგის პირისპირ; ერთიან შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი, რათა გაკონტროლდეს როგორც პედაგოგთა, ასევე სტუდენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში უნდა მოახდინონ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართონ 112-ის ცხელ ხაზს; სასწავლო დაწესებულებისა და სასადილოს შესასვლელში უნდა განათავსონ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით და თვალსაჩინო ადგილას გამოაკრან ინფორმაცია COVID-19 ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ. პედაგოგთა და სტუდენტთა დაშვება სასწავლო დაწესებულებაში უნდა მოხდეს მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღბები, საჭიროების შემთხვევაში სახის ფარები/დამცავი სათვალეები). ასევე პედაგოგები და სტუდენტები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები); სამუშაო ადგილებზე უნდა განთავსდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი სწორად მოხმარების პრაქტიკა (შესაბამისი წესების შემუშავება და პედაგოგების/სტუდენტების ინფორმირება/ტრენირება).
ამავე დოკუმენტის თანახმად, დაწესებულებებმა პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, სამუშაო სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია უნდა მოახდინონ. ასევე, უზრუნველყონ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი.
„ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით და ასეთი ნარჩენების დროული გატანა უზრუნველყავით შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ. დაწესებულებების საერთო სამუშაო ფართის დეზინფექცია ყოველდღიურად უნდა მოხდეს. ასევე, დამუშავდეს სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების სახელურების და ხშირად გამოყენებული ზედაპირები სანიტარული წესით 2 საათიანი ინტერვალებით. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარული წერტილების პერიოდული დეზინფექცია,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
რაც შეეხება სასწავლო ლაბორატორიებისთვის დაწესებულ ვალდებულებებს, ამ შემთხვევაშიც პედაგოგები სამუშაო ადგილზე უნდა გამოცხადნენ წინასწარ შედგენილი ცხრილის მიხედვით. სამუშაო ფართის ყოველ 5მ2 ფართობზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ 1 (ერთი) ადამიანი. პედაგოგები და სტუდენტები მაგიდებთან არ უნდა განათავსდნენ ერთმანეთის პირისპირ. უნდა იქნეს გამოყენებული პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის ცვლებში მუშაობის რეჟიმი. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაცია. გარდა ამისა, სამუშაო ტერიტორიაზე განთავსებული უნდა იყოს ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი.
ადგილზე მყოფ პირებს უნდა ჰქონდეთ აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალები, მათ შორის: ნიღაბი, ხელთათმანი, სახის დამცავი ფარი, საჭიროების შემთხვევაში, ბახილები, სპეც. ტანსაცმელი/ხალათი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისსთვის უნდა იყოს დახურული კონტეინერები და მოხდეს მათი დროული და უსაფრთხო გამოთავისუფლება შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.
ამავე დოკუმენტით, ჯანდაცვის უწყება რეკომენდაციებს საგამოცდო ცენტრებისთვისაც იძლევა. კერძოდ, საგამოცდო ცენტრები ვალდებულნი არიან გამოცდაზე სტუდენტების მიღება უზრუნველყონ იმგვარად, რომ დაკავებული იყოს სამუშაო ფართის 50%. მაგიდების განლაგებისას, სამუშაო სივრცის ყოველ 5მ2 ფართობზე უნდა დაუშვან მხოლოდ 1 ადამიანი და ისიც ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. სტუდენტები მაგიდებთან არ უნდა განათავსონ ერთმანეთის პირისპირ. საგამოცდო ცენტრში სტუდენტების მისაღებად უნდა იყოს გამოიყენებული ცვლებში მუშაობის რეჟიმი და ყოველი ცვლის შემდგომ სანიტარული შესვენება. საგამოცდო დარბაზის შესასვლელში უნდა იყოს განთავსებული ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისვის უნდა იყოს დახურული კონტეინერები და მოხდეს მათი დროული და უსაფრთხო გატანა.
დოკუმენტი გარკვეულ ვალდებულებებს უჩენს პედაგოგებსა და სტუდენტებსაც. კერძოდ, უნდა დაიცავან ჰიგიენის წესები სასწავლო ორგანიზაციის სივრცეში. უნდა გამოიყენონ სრულად ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ჩაიტარონ ხელების ადეკვატური ჰიგიენა (სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულო წესით). მოერიდონ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უნდა უზრუნველყონ თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმის სახის ზედაპირთან შეხება (შესაძლებელია ჩაჩის, ან სპეციალური თავსაბურავის გამოყენება).