BCG  - მსოფლიოში ქალებმა სიმდიდრის ზრდის ტემპით მამაკაცებს გადაასწრეს

მსოფლიოში, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქალებმა სიმდიდრის ზრდით მამაკაცებს გადაასწრეს. Boston Consulting Group-ის (BCG) კვლევის მიხედვით, 2016-2019 წლებში ქალების კაპიტალის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენდა 6,1%-ს, რაც ფულად განზომილებაში ყოველწლიურად იყო 5 მლრდ დოლარი. კვლევის ავტორების პროგნოზით, 2020 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში ქალების ქონების ზრდის ტემპი 7.2% -მდე მოიმატებს. ამავე პერიოდში, მამაკაცების საკუთრებაში არსებული კაპიტალის ზრდის ტემპი 4.15-დან 5.2%-მდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ ანალიზი მომზადდა კოროვირუსული ინფექციის COVID-19- ის დაწყებამდე.

BCG-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 2019 წლის ბოლოს ქალები ფლობდნენ 70 ტრილიონი აშშ დოლარს, ანუ გლობალური მთლიანი კაპიტალის 32% (216 ტრილიონი აშშ დოლარი). ყველაზე დიდი წილი - 35.4 ტრილიონი აშშ დოლარი - ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდიოდა. მეორე ადგილზეა დასავლეთ ევროპა (14.3 ტრილიონი აშშ დოლარი), მესამე ადგილზეა აზია (13 ტრილიონი დოლარი, იაპონიის გამოკლებით).

ევროპის ქვეყნებს შორის, ქალთა კეთილდღეობის თვალსაზრისით ლიდერი დიდი ბრიტანეთია (2,846 ტრილიონი დოლარი), შემდეგ მოდის გერმანია (2,394 ტრილიონი დოლარი). ამასთან, პირველ ათეულში შედის საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ესპანეთი, ბელგია და შვედეთი.

BCG-ის კვლევის თანახმად, ქალთა კეთილდღეობას სამი ძირითადი ფაქტორი უწყობს ხელს: ანაზღაურების თანასწორობა, სამეწარმეო საქმიანობა და ლიდერობის პოზიცია. მათი მნიშვნელობა სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება.

ანალიტიკოსების აზრით, ჩრდილოეთ ამერიკა თანაბარი ანაზღაურებით მსოფლიო ლიდერად რჩება: 2019 წელს ეს მაჩვენებელი 0.74 იყო. რუსეთში 0,68, იაპონიაში 0.70, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 0.65 და აღმოსავლეთ ევროპაში 0.63.

ცნობისათვის, ანაზღაურების ინდექსის გაანგარიშებას კვლევის ავტორებმა საფუძველი ჩაუყარეს 2018–2019 წლებში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მონაწილეთა პასუხების შესაბამისად. ინდიკატორის ღირებულებები მერყეობს 0,00-დან 1.00-მდე, ეს უკანასკნელი გულისხმობს ქალისა და მამაკაცის სრულ თანასწორობას.