კელი დეგნანი - საქართველომ ვირუსთან ბრძოლის პირველ ნაწილს ძალიან კარგად გაართვა თავი, ახლა დელიკატურ პერიოდს ვუახლოვდებით და დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ ეტაპსაც წარმატებით გადალახავს

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ნაწილს ძალიან კარგად გაართვა თავი.

როგორც მან აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში, ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და პანდემიას თავს შთამბეჭდავად ართმევს.

„საქართველოსთან ძალიან დიდი პარტნიორობა გვაკავშირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან, ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასეთ პერიოდში კი, ნათლად ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას. აღნიშნული დონაცია საქართველოს ტესტირების გამტარუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება. ტესტებისთვის განკუთვნილი აპარატები მოდერნიზებულია, თან მოჰყვება 4 000 ოქროს სტანდარტის „პისიარ“ ტესტი. ვირუსთან ბრძოლის კუთხით ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდება და გამოიკვეთება ეკონომიკის ხელახლა გახსნის გზაზე. ეს ტესტირების აპარატები, ასევე ის პირადი დაცვის საშუალებები, რაც „დიტრამ“ ჯანდაცვისა და სხვა სამინისტროებს გადასცა, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის სამართავად და განკუთვნილია ხალხის დაცვისათვის. ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები და ა.შ. მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განვაგრძოთ ცხოვრება და ურთიერთობა, თუმცა ამავე დროს, დავიცვათ თავი, საყვარელი ადამიანები და დროულად დავუბრუნდეთ საქმიანობას. ვფიქრობ, საქართველომ ვირუსთან ბრძოლის პირველ ნაწილს ძალიან კარგად გაართვა თავი. ახლა საკმაოდ დელიკატურ პერიოდს ვუახლოვდებით და დარწმუნებული ვარ, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს და აღნიშნულ ეტაპსაც წარმატებით გადალახავს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა. ცერემონიას აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირადად დაესწრო. ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, შესაბამისად შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აპარატებისა და ტესტების ღირებულება აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) დაფარა. სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებებიც გადასცა.