რა იცვლება ავტოტექმომსახურების წესებში - რა ახალი ვალდებულებები აქვთ ცენტრებს

ჯანდაცვის სამინისტრომ ავტოტექმომსახურების ცენტრებისთვის რეკომენდაციები გამოსცა. რეკომენდაციების მიხედვით, მომსახურების საჭიროების თაობაზე მომხმარებელი მიმართავს ავტოტექნიკური სერვისის მიმწოდებელ კომპანიას და შეათანხმებს მომსახურების დროს, რიგების თავიდან აცილებისა და მომსახურების დროულად და ეფექტურად მიწოდების მიზნით.

მომსახურების მიღება ხორციელდება შემდეგნაირად:

  • დათქმულ დროსა და ადგილას, მომხმარებელი გადააბარებს თავის ავტომანქანას მომსახურე პერსონალს;
  • თავდაპირველად ავტომანქანიდან გადმოდის ავტომობილის მფლობელი და ტოვებს გასაღებს ავტომანქანაში;
  • ავტომანქანას უახლოვდება სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილი მომსახურე პირი, რომელიც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარის საშუალებით წმენდს ავტომობილის საჭეს და გადაჰყავს ავტომობილი ავტოტექმომსახურებისთვის;
  • ავტომობილის შეკეთების შემდეგ, მომსახურე პერსონალი უკავშირდება ავტომანქანის მფლობელს და განუსაზღვრავს დროს ავტომანქანის გადასაცემად;
  • ავტომანქანის გადაცემა ხდება იგივე წესით, რაც განსაზღვრულია ავტომანქანის ჩაბარებისთვის.

გარდა ამისა, რეკომენდაციები ითვალისწინებს, გარკვეულ ვალდებულებებს ობიექტებისთვის, რომელთა დაცვაც მოუწევთ უსაფრთხოებისთვის. ესენია:

  • სამუშაოს დაწყებამდე ორგანიზაციებში, რომელთაც ჰყავთ 50 და მეტი დასაქმებული, უნდა განხორციელდეს დასაქმებულების ყოველდღიური თერმოსკრინინგი (ობიექტზე შესვლის წინ);
  • სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დამუშავებისთვის განთავსებული უნდა იყოს 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის ანტისეპტიკური ხსნარი;
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (3 საათიანი ინტერვალით), უნდა ხდებოდეს სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია (დახურული შენობის შემთვევაში);
  • ყველა დასაქმებულს და კონტრაქტორს, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს, უნდა მიეწოდოს ინფორმაცია უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ;
  • დასაქმებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი) და სხვა საჭირო დასამუშავებელი (სამუშაო სპეციფიკის მიხედვით) საშუალებებით;
  • უნდა განთავსდეს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას ორგანიზაციის მიერ გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების გეგმა;
  • უნდა განთავსდეს ჰიგიენური საშუალებებით დაცვის ღონისძიებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია სათანადო ადგილას, მათ შორის ხელის დაბანის, ნიღბის მორგების, ტარების და მოცილების წესები;
  • დამსაქმებელმა სამუშაო სივრცეში უნდა აკონტროლოს დასაქმებულთა რაოდენობა - ერთობლივად არაუმეტეს 5 ადამიანისა ერთ სივრცეში (ყოველი დამატებითი ადამიანის დაშვება შესაძლებელია თითოეულ ადამიანზე დამატებით 5მ 2 ფართის შემთვევაში);
  • იქ, სადაც დასაქმებულებს მომხმარებლებთან უწევს ურთიერთობა (მომსახურებისთვის თანხის გადახდა) დამონტაჟდეს კოლექტიური დაცვის საშუალებები:

- დეზობარიერი - შესასვლელში, მოსასვენებელი/სასადილო ფართის წინ;

- დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - თანამშრომლების მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში.

  • დაიცავით თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და არ დაუშვათ სამუშაო სივრცეში პირი, რომელიც არ არის აღჭურვილი სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. სავალდებულოა ნიღბის ტარება.
  • დაიცავით დისტანცია (მინ. 2 მეტრი) დასაქმებულებს შორის;
  • უზრუნველყავით დასაქმებულთა/ ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით.
თაია არდოტელი