„ულტრაიისფერი სადეზინფექციო ნიღბების საწარმოო ნიმუშები მზად არის. 25 მაისს მექნება პრეზენტაცია სრული ინფორმაციით, ყველა პარამეტრებით და სერტიფიკატებით,“- წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლის" დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე.
როგორც მჭედლიძემ წინა თვეში, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ნიღბების წარმოება შესაძლოა, საქართველოშიც დაიწყოს.
„როდესაც კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვირუსს კლავს ულტრაიისფერი დასხივება, გაჩნდა მრავალჯერადი, ულტრაიისფერი ნიღბების გაკეთების იდეა. როდესაც საქართველოში ვეცნობოდით პატენტთან დაკავშირებით ინფორმაციას, აღმოჩნდა, რომ უკრაინაში ბევრად უფრო სწრაფად შემოგვთავაზეს ამ ყველაფრის გაკეთება, ამიტომ იდეის განხორციელება სწორედ იქ მოგვიხდა.
ამასთან, ვმუშაობთ იმაზეც, რომ ეს წარმოება საქართველოშიც იყოს. ვარჩევთ დანადგარებს და ა.შ. ნიღბების გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ნიღბის მთავარი ელემენტი არის დიოდები, ერთ ნიღაბს 2 დიოდი სჭირდება და ამ ეტაპზე 2 500 ნიღბის დამზადება შეგვიძლია,“-განაცხადა მჭედლიძემ გადაცემაში.