მერია თბილისის ანძის განათების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია დღეს ანძას თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათებს. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მერიაში განმარტავენ, ანძის ფერებში განათებასთან დაკავშირებით რამდენიმე წერილი იყო შესული, ამიტომ პატივისცემისა და სოლიდარობის ნიშნანად ანძა შემდგომ დღეებში თეთრად განათდება.

„საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: სხვადასხვა ორგანიზაციები და უწყებები, საელჩოები მიმართავენ მერიას შესაბამისი წერილით, რის საფუძველზეც, ანძის განათება ხდება.

კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების წერილებს, მათი იდეური მრავაფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე, მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და სოლიდარობას - შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად. ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება.

ამ ქვეყანაში ტოლერანტობას ვერასდროს ჩაანაცვლებს შეუწყნარებლობა და ფობიები. ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები ნაწილდება ყველაზე თანაბრად, მათი სექსუალური, ეთნიკური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად“, - აღნიშნულია განცხადებაში