დღეიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის იტალია და ესპანეთი, მნიშვნელოვან შეზღუდვებს ხსნის

დღეიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი იხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კერძოდ, იტალიაში იხსნება ბარები, რესტორნები, კაფეები, სილამაზის სალონები, მაღაზიები, თუმცა ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების წესის დაცვის ვალდებულება. გარდა ამისა, წირვა-ლოცვებს განაახლებენ კათოლიკური ეკლესიები, თუმცა მრევლი ვალდებული იქნება, პირბადეები ატაროს და სოციალური დისტანცირების წესები დაიცვას. ქვეყანაში მსახურების განახლების უფლება სხვა რელიგიური მრწამსის წარმომადგენლებსაც დართეს.

ესპანეთში დღეიდან ნებადართული ხდება ღია ტიპის რესტორნებსა და ბარებში სიარული. იხსნება შეზუდვა 10-მდე პირის შეკრებაზეც. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების უმეტესობა ძალაში რჩება მადრიდსა და ბარსელონაში, თუმცა, დღეიდან ორივე ქალაქში რამდენიმე პატარა მაღაზია გაიხსნება.

შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ პორტუგალია, საბერძნეთი, დანია, ირლანდია და ბელგიაც. ბელგიაში დღეიდან დაწყებითი და საშუალო სკოლების გახსნა იწყება.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 4.6 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 312 000-ს აღწევს.