2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2018 წელთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.6 პროცენტი შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.9 პროცენტი შეადგინა. 2018 წელთან შედარებით, შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 1 და 0.2 პროცენტული პუნქტით.
„ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1 პროცენტული პუნქტით.
2019 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაქირავებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულებს.
უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
წინა წელთან შედარებით 2019 წელს უმუშევრობის დონე გაზრდილია მხოლოდ გურიისა და კახეთის რეგიონებში, შესაბამისად 0.8 და 0.1 პროცენტული პუნქტით. ქ. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ყველაზე დიდი კლება ფიქსირდება შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, შესაბამისად - 3 და 2.1 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. წინა წელთან შედარებით, 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და შესაბამისად 10.1 და 12.8 პროცენტს შეადგენს.
აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წელს ქალებში აქტიურობის დონე 54.5 პროცენტს, ხოლო კაცებში - 72.6 პროცენტს შეადგენდა. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით.
2019 წელს, 2018 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში - 0.1 პროცენტული პუნქტით.
2019 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (30.5 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (2.4 პროცენტი), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.